ინვესტორები ქართული კომპანიების აქციებს იშორებენ - ბესო ნამჩავაძე

„ერთ დღეში დავინახეთ „რუსული კანონის“ პირველი შედეგი ქართული კომპანიების აქციების ფასებზე“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე ლონდონის სავალუტო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასის მკვეთრ ვარდნას.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე „საქართველოს ბანკის“ (BGEO), TBC PLC-სა და „საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ფასი დღითიდღე იზრდებოდა, ბოლო ორ დღეში კი მნიშვნელოვნად შემცირდა. ნამჩავაძის თქმით, ბუნებაში არ არსებობს აქციების ფასის ვარდნის სხვა მიზეზი, გარდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღებისა.

„ეს კანონი არ შესულა ჯერ ძალაში, პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი, რომ ძალაში შევიდეს და მიუხედავად ამისა, მან უკვე შეცვალა მოლოდინები. ვიდრე ამ კანონმა მუშაობა დაიწყო და პრობლემები უკვე შექმნა, შეიცვალა ბიზნესში განწყობა საქართველოს მიმართ და ეს კარგად ჩანს ლონდონის ბირჟაზე“, - ამბობს ნამჩავაძე.

აღნიშნული კანონის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ინვესტორები აკვირდებიან და ფინანსური გადაწყვეტილებებს შესაბამისად იღებენ. განვითარებულმა მოვლენებმა მათთვის რისკები გაზარდა. ნამჩავაძე ამბობს, რომ ინვესტორები მოლოდინებიდან გამომდინარე, იშორებენ და ყიდიან ქართული კომპანიების აქციებს, რაც იწვევს ფასის ვარდნას.

„იშორებენ აქციებს ინვესტორები. თუ მოელიან, რომ აქ რაღაც ცუდი მოხდება, არ ენდობიან საქართველოს, საქართველოს ეკონომიკას, ბანკების ძირითადი სამუშაო არეალი კი საქართველოს ტერიტორიაა, ყიდიან, იშორებენ ამ ბანკების აქციებს. ეს არის მიზეზი, რატომ იაფდება აქციები. ამ „რუსული კანონის“ გარდა, ბუნებაში არ შეიძლება სხვა მიზეზი იყოს იმიტომ, რომ ბანკები აქციებით იყვნენ ძალიან მაღალ მოგებაზე, ბოლო პერიოდში მათი აქციების ფასი იზრდებოდა, მაგრამ 2 დღეში შემოტრიალდა უკან და მკვეთრად შემცირდა ფასი“, - განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.

შეგახსენებთ, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების („საქართველოს ბანკის“ (BGEO), TBC PLC, „საქართველოს კაპიტალის” (CGEO)) აქციების ფასი დილიდან ეცემა. ბოლო მდგომარეობით, „საქართველოს ბანკის“ (BGEO) ერთი აქციის ღირებულება 41.10 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. TBC PLC-ის ერთი აქცია 25.25 გირვანქა სტერლინგი ღირს. „საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 9.91 გირვანქა სტერლინგი გახდა.

მერი ტაბატაძე