„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსის ბესო ნამჩავაძის განცხადებით, ლარის გაუფასურება პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღების პირველი შედეგია.
„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ნამჩავაძე აღნიშნავს, რომ მიმდინარე პერიოდში არანაირი ცვლილება არ მომხდარა, გარდა აღნიშნული კანონის მიღებისა. მისი თქმით, ეროვნულ ბანკს აქვს მექანიზმები, რომლითაც ცდილობს შეაფერხოს ლარის ვარდნა, მაგრამ გაუფასურება მაინც გრძელდება.
„ჩვენ ვერ ვხედავთ, მაგრამ შესაძლოა, ეროვნული ბანკი ერევა და აკავებს, მაგრამ მაინც ვარდება. ეროვნულ ბანკს აქვს დახურული სავაჭრო მექანიზმები „ბლუმბერგის“ სავაჭრო სისტემაში, სადაც შეუძლია დოლარი გაყიდოს და ლარის გაუფასურება თუ არა, შეჩერება შეაფერხოს მაინც. ფაქტობრივად, 24 საათში 6 თეთრით გაუფასურდა დოლარის მიმართ ლარი, სწრაფი ვარდნაა და აქ არაფერი არ მომხდარა იმის გარდა, რომ მესამე მოსმენით მიიღო პარლამენტმა ეს კანონი“, - აღნიშნავს ნამჩავაძე.
კითხვაზე, რამდენად საკმარისი რესურსი აქვს ეროვნულ ბანკს იმისთვის, რომ შეაჩეროს ლარის გაუფასურება, ანალიტიკოსი განმარტავს, რომ სებ-ს აქვს საშუალება შეაჩეროს ვარდნა მის ხელთ არსებული სავალუტო რეზერვების გაყიდვით, მაგრამ მეორე საკითხია, ამისთვის რამდენად სწორი იქნება დიდი რაოდენობის რეზერვების დახარჯვა.
„ეროვნული ბანკის მექანიზმები ამოწურვადია - ორი მექანიზმი აქვს: ერთი, ღია აუქციონზე თუ გაყიდის დოლარს და ჯერჯერობით არ ჩანს, რომ გაყიდა და მეორეზე დახურულია ინფორმაცია და არც გვექნება წვდომა, ამ დღეებში რას შვება სებ-ი. ეროვნულ ბანკს ვალუტის რეზერვები აქვს, თუმცა თვე-ნახევრის წინ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება და ოქრო იყიდა, რომელსაც ასეთი ქცევების დროს ვერ გამოიყენებ. ოქრო იყიდა იმიტომ, რომ შეეშინდა სანქციები ეროვნული ბანკის რეზერვებსაც რომ არ შეხებოდა, რომელიც ძირითადად ინახება დასავლეთის ქვეყნებში. ეს ფული გადაიტანა ოქროში და შეუმცირდა 500 მლნ დოლარით ის რესურსი, რაც შეუძლია ამ დროს გამოიყენოს. იმდენი რესურსი აქვს, რომ გააჩეროს ვალუტის ვარდნა, მაგრამ მეორე საკითხია რამდენად სწორია, რომ ასობით მლნ დოლარი დახარჯო ამისთვის. ვფიქრობ, ალბათ, თუ კურსი ძალიან წავა, გარკვეულ რეზერვებს დახარჯავენ. მაგალითად, შესაძლოა, გამოიყენონ რეზერვები თუ 2.8-მდე ავა იმისთვის, მეტზე არ აუშვას“, - განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.
დღეს ლარი დოლართან მიმართებით 4.5 თეთრზე მეტით გაუფასურდა. გუშინ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6866 ლარი იყო, დღეს კი 2.7323 ლარი გახდა.