ელ-სალვადორმა 2021 წლიდან ვულკანის საწვავზე მომუშავე გეოთერმული ელექტროსადგურით, თითქმის, 474 ბიტკოინი მოიპოვა. ამის შესახებ მთავრობის ოფიციალურ მონაცემებში წერია, რასაც Reuters ავრცელებს.
ამდენად, ბიტკოინის მთლიანი სამთავრობო პორტფელი მიმდინარე ფასებით, თითქმის, 354 მლნ დოლარს შეადგენს.
“ბიტკოინის ოფისი” ელ-სალვადორის ოფიციალური სამთავრობო უწყებაა, რომლის მონაცემებითაც, ამჟამად სამთავრობო ხაზინაში 5,750 ბიტკოინი ინახება.
2021 წლის სექტემბრიდან გაჩენილი ახალი დანამატები, ანუ 29 მლნ დოლარის ღირებულების 473,5 ბიტკოინი მცირე რაოდენობის გეოთერმული ენერგიით იქნა მოპოვებული, რომელიც ქვეყნის შთამბეჭდავ ვულკან ტეკაპასგან წარმოიქმნა. ის ქვეყანაში რეკლამირებულია, როგორც კრიპტოვალუტის დაგროვების მწვანე გზა.
ბიტკოინის მოყვარული პრეზიდენტი, ნაიბ ბუკელე წლის დასაწყისში მეორე ვადით ხელახლა აირჩიეს. მისმა ადმინისტრაციამ ვულკანიდან ბიტკოინების „მოსაპოვებლად“ 300 პროცესორი დაამონტაჟა. სახელმწიფო ელექტროსადგურის მიერ გამომუშავეუბილი 102 მეგავატიდან (მგვტ) 1,5 მგვტ კრიპტოვალუტის მაინინგისთვის გამოიყენება.
ზოგადად, კრიპტომაინინგის პროცესი მოითხოვს დიდი რაოდენობით ენერგიას გამოთვლითი და მონაცემთა დამუშავების ცენტრებისთვის, რომლებიც ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტების დასაცავად კომპლექსურ მათემატიკურ განტოლებებს ასრულებენ. მსოფლიოს სხვა ქვეყნებში კრიპტოვალუტის მაინერები ენერგომოხმარების, ასევე, ელექტროქსელებსა და ნახშირბადის ემისიებზე მათი ზეგავლენის გამო ბოლო დროს გაძლიერებული ყურადღების ქვეშ მოექცნენ.
ცნობისთვის: 2021 წელს ელ-სალვადორი პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ბიტკოინი, აშშ დოლართან ერთად, გადახდის ლეგალურ საშუალებად შემოიღო (თავად აშშ დოლარი ამ ქვეყანაში გადახდის ლეგალურ საშუალებად ორი ათწლეულით ადრე იქნა შემოღებული). ბიტკოინის შემოღებამ პრეზიდენტ ნაიბის მთავრობის მკაცრი კრიტიკა ”არასტაბილური კრიპტოვალუტის მხარდაჭერის” გამო, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხრიდან გამოიწვია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ