სამომავლოდ რუსეთიდან და ჩინეთიდან შემოვა ფული - გიგა ბედინეიშვილი

„თეორიულად შეიძლება ვილაპარაკო იმაზე, რომ სამომავლოდ რუსეთიდან და ჩინეთიდან შემოვა ფული“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა.

ფინანსისტთან ვისაუბრეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ეფექტზე საქართველოს ეკონომიკაზე. ბედინეიშვილი, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ ეს კანონი არის ნაბიჯი ტოტალიტარიზმისკენ. მისი თქმით, ტოტალიტარულ რეჟიმზე მოწყობილი სახელმწიფო მმართველობა ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება. კერძოდ, მოკლე ვადაში შესაძლოა, ეფექტი მყისიერი არ იყოს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში შედეგები „მძიმე იქნება“.

„პირველი, ეკონომიკისთვის რომელი პოლიტიკური სისტემა სჯობს, ტოტალიტარული, ჩაკეტილი და რუსული, თუ თავისუფალი და დემოკრატიული, რომელიც კონკურენციას უწყობს ხელს? მეორე, მოკლე ვადაში გვინახავს ტოტალიტარული ქვეყნები ძლიერი ეკონომიკით, მაგრამ გრძელ ვადაში ასე მოწყობა პოლიტიკური სისტემის და შესაბამისად, ეკონომიკის დაქვემდებარება მსგავსი სისტემისთვის, უარყოფით შედეგებს იძლევა“, - აღნიშნავს ფინანსისტი.

ექსპერტულ წრეებში საუბრობენ იმის შესახებ, რომ აღნიშნული კანონი და მისი თანმდევი შედეგები ხელს შეუშლის ქვეყანაში ახალი ინვესტორების შემოსვლას. ბედინეიშვილი ეთანხმება მოსაზრებას და ყურადღებას ამახვილებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობაზე საქართველოს მსგავსი მცირე ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის.

„ჩვენისთანა პატარა ღია ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეიძლება სხვადასხვა წყაროდან მოიზიდო, მაგრამ ვიცით, რომ ყველაზე მდიდარი ნაწილი დედამიწის არის ჩრდილეთ ამერიკა, ევროპა, იაპონია და ა.შ. მაგ წყაროებიდან ინვესტიციების მოზიდვა ტოტალიტარულ სისტემაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია“, - დასძინა ბედინეიშვილმა.

როგორც მანვე აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ კანონის საბოლოოდ მიღების შემთხვევაში დასავლეთიდან ინვესტიციების მოცულობა შემცირდეს. არსებობს ვარაუდი იმისა, რომ გაიზრდება რუსეთიდან და ჩინეთიდან შემოსული თანხების მოცულობა. ფინანსისტის თქმით, მოკლე ვადაში შესაძლოა, მცირედით კომპენსირდეს დანაკარგები, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში უარყოფითი შედეგები გარდაუვალი იქნება. ამასთანავე, საუბარი არ არის მხოლოდ თანხების შემოდინებაზე, არამედ იმაზე, რომ დასავლეთიდან ინვესტიციებთან ერთად შემოდის ცოდნა, ტექნოლოგიები, გაზრდილი პროდუქტიულობა და სხვა რესურსები ეკონომიკური განვითარებისთვის.

„თეორიულად შეიძლება ვილაპარაკო იმაზე, რომ სამომავლოდ რუსეთიდან და ჩინეთიდან შემოვა ფული. რიცხობრივად შესაძლოა, კომპენსირებული იყოს რუსეთიდან და ჩინეთიდან ის, რასაც დავკარგავთ დასავლეთიდან, მაგრამ მარტო თანხების თემა არ არის. იმაზეა საუბარი, რომ დასავლეთიდან შემოსულ ინვესტიციებს მოჰყვება „ნოუ ჰაუ“, ტექნოლოგიური ტრანსფერი, გაზრდილი პროდუქტიულობა და დამატებითი ეფექტი ეკონომიკისთვის.

დემოკრატიული საზოგადოებები ქმნიან ყველაზე მეტ დოვლათს, არ ვლაპარაკობ მე საუდის არაბეთზე, რომელსაც ნავთობის უდიდესი წყარო აქვს. ჩვენ ეს რესურსები არ გვაქვს, ამიტომ შრომით, პროდუქტიულობით, ინვესტიციების მოზიდვით უნდა გავიდეთ ფონს. ეს კიდე გაჭირდება „რუსული კანონის“ მიღებით და ისეთი ნაბიჯების გადადგმით, რასაც „ქართული ოცნება“ დგამს“, - განაცხადა ფინანსისტმა.

ბედინეიშვილის თქმით, ინვესტორები აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და სამომავლო გადაწყვეტილებებს მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღებენ.

„ჯერჯერობით რუსული რეჟიმი საქართველოში დამყარებული არ არის, მაგრამ არის საშიშროება ამის - ივანიშვილს აქეთ მიჰყავს ქვეყანა და ამას უყურებს ე.წ ჭკვიანი ფული - კოლექტიური დასავლელი ინვესტორი. არის დიდი ქვეყნის ნაწილი, რომელიც ხედავს, რომ ქვეყნის სწორი განვითარების გზა არის დასავლეთი, ევროატლანტიკური სივრცე, თავისუფალი ეკონომიკა, სასამართლო და ა.შ. ასევე ხედავს ამას დასავლელი ინვესტორების დიდ ნაწილი“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ახლა ჯერი საქართველოს პრეზიდენტზეა, რომელიც აპირებს ვეტო დაადოს მმართველი პარტიის მიერ მიღებულ კანონს. არაერთი მოწოდება და განცხადება გაკეთდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება და ხელისუფლება დაძლევს ვეტოს, კანონის მიმღებ დეპუტატებსა და ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ.

მერი ტაბატაძე