„თუ დასავლეთმა ჩვენზე ნაწილობრივ უარი თქვა, ეს გამოიწვევს მეტ დამოკიდებულებას რუსეთზე“ - გიორგი ქობულია

„თუ ახლა სიტუაცია გართულდა, ჩვენ ისევ, უფრო დამოკიდებული გავხდებით ერთ ბაზარზე, რუსეთზე, რაც ჩვენთვის არის საკმაოდ ცუდი“,- ამის შესახებ საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთმა საქართველოზე ნაწილობრივ უარი თქვა, საქართველოს ბაზრის დივერსიფიცირების ნაცვლად, მხოლოდ რუსეთის ბაზარზე გადართვა მოუწევს.

„თუ დასავლეთმა ჩვენზე ნაწილობრივ უარი თქვა, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევს მეტ დამოკიდებულებას რუსეთზე. იმიტომ, რომ ჩვენ რასაც ვყიდით დასავლეთში, იმის გაყიდვასაც მოვინდომებთ რუსეთში, საერთოდ დავკარგავთ პრაქტიკულად დასავლეთის პოზიციებს და იმას, რაც უკვე შექმნილი გვაქვს ამ შრომით წლების განმავლობაში. ეს ისევ და ისევ გადაერთვება რუსეთზე, რაც არ არის კარგი. ჩვენ გვჭირდება დივერსიფიკაცია, ჩვენ რუსეთისგან ნელ-ნელა უნდა გადავიდეთ საერთაშორისო ბაზრებზე, ამას უნდა დრო, ამისთვის ჩვენ გვჭირდება რუსეთი, რადგან ის გვაძლევს ამ თანხებს, ჩვენთან შემოდის ეს თანხა იმიტომ, რომ გაგვაქვს რაღაც, ტურისტი შემოდის, ჩვენ ეს თანხები უნდა გამოვიყენოთ, რომ ავაწყოთ ჩვენი ეკონომიკა სხვა ქვეყნებზე, ევროპის, დასავლეთის ქვეყნებზე. რა თქმა უნდა, თუ ახლა სიტუაცია გართულდა, ჩვენ ისევ უფრო დამოკიდებული გავხდებით ერთ ბაზარზე რუსეთზე, რაც ჩვენთვის არის საკმაოდ ცუდი“,- განაცხადა გიორგი ქობულიამ.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 14 მაისს მიიღო. პროექტი გასულ წელსაც განიხილებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზოგადოების პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. ხელმეორედ დაინიცირებული კანონპროექტს ისევ ხმაური, დაპირისპირება, საზოგადოების პროტესტი და ევროპარლამენტარების კრიტიკა მოჰყვა. ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი ევროპულ ღირებულებებთან არათავსებადია და ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზას გადაუხვია.

ნინი ქეთელაური