"ევროპული მომავალი „ქართული ოცნების“ დაპირებაა"

თუ არის რაიმე სამართლებრივი არგუმენტი, რისი შესწორებაც შეიძლება, მზად ვართ, თანამშრომლობისთვის - ამას ვითხოვთ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ვინმე, ერთმა დალოცვილმა ადამიანმა წარმოადგინოს, რატომაა პრობლემური აღნიშნული [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] კანონპროექტი,- ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელს არაფერი შეუშლის.

„პრეზიდენტი ამ კანონპროექტს [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] სავარაუდოდ, ვეტოს დაადებს. ეს მისი გადასაწყვეტია. ვეტოს შემთხვევაში, პრემიერ-მინისტრის მხრიდან განცხადება გაკეთდა, რომ თუ არის რაიმე სამართლებრივი არგუმენტი, რისი შესწორებაც შეიძლება, მზად ვართ თანამშრომლობისთვის. ამას ვითხოვთ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ვინმე, ერთმა დალოცვილმა ადამიანმა წარმოადგინოს, რატომაა პრობლემური აღნიშნული კანონპროექტი და ზოგადად, რატომ შეიძლება, გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს ევროპას, ევროპულ მომავალს. რატომაა ეს ცუდი, აბსოლუტურად გაუგებარია. ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიანმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მთელი რიგი ნაბიჯები გადადგა ევროინტეგრაციის გზაზე და ქვეყანას ევროპული კურსი კონსტიტუციით გაამყარა. დიახ, საქართველოს არაფერი შეუშლის ხელს ევროინტეგრაციის გზაზე. ევროპული მომავალი „ქართული ოცნების“ დაპირებაა და რაც მთავარია, ჩვენი ხალხის ურყევი სურვილი“,- განაცხადა კახა კალაძემ.