Financial Times - ევროკავშირმა შესაძლოა, გაწევრიანების შესახებ საქართველოს განაცხადი გაყინოს

თუ საქართველო უცხოელი აგენტების შესახებ კანონს საბოლოოდ მიიღებს, ევროკავშირმა შესაძლოა, გაწევრიანების შესახებ ამ ქვეყნის განაცხადი გაყინოს - ინფორმაციას გაზეთი, Financial Times ევროპელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი განცხადებით, თუ საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონი ამოქმედდება, ევროკავშირში გაწევრიანებაზე თბილისთან მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ბრიუსელის გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, გაურკვეველი ვადით გადაიდება.

„ჩვენ მეტად მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი აზრი… ეს არის შოუსტოპერი. საქართველოს მთავრობამ იცის, თუ რა იქნება ამის ფასი,“ - განუცხადა გამოცემას წყარომ, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ოფიციალურ პირებს შორის ბოლო დღეების დისკუსიებზე არის ინფორმირებული.

ამასთან, გამოცემა შენიშნავს, რომ “საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი 2022 წლის მარტში, მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო, ხოლო დეკემბერში ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. შემდეგი ნაბიჯი ევროკომისიის ოფიციალური რეკომენდაცია უნდა იყოს, რომ ევროკავშირის მთავრობებმა გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მწვანე შუქი აუნთონ, რაც რიგ რეფორმებზე არის დამოკიდებული.”

ცნობისთვის: ახლახან ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა და ევროკომისიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მოუწოდეს, უცხოური აგენტების შესახებ კანონზე უარი თქვას, რადგან ეს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების ამბიციებზე უარყოფითად აისახება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ