„სანქციების ეფექტი შეეხება მოსახლეობას - ვიღაც სამუშაოს დაკარგავს, ხელფასი შეუმცირდება და გაძვირებული ფასები დახვდება“

ბოლო ორი დღეა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა, ხოლო ლარი დოლარსა და ევროსთან მიმართებაში უფასურდება. ექსპერტულ წრეებში მიმდინარე ძვრები უკვე შეაფასეს როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პირველი ეფექტი. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო, კანონს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერა არ აქვს და მეტიც, აპირებს ვეტო დაადოს.

„ბიზნესპრესნიუსთან“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ ვალუტისა და აქციების გაუფასურება სისტემურია და აჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკა „ცუდ პერიოდში“ შედის. მით უმეტეს, რომ ეს ხდება მაშინ, როცა ჯერ დასავლეთს არავის წინააღმდეგ არ დაუწესებია სანქციები და ჯერჯერობით მხოლოდ მოწოდებები ისმის.

„სანქციებზე ჯერ განცხადებები გაკეთდა მხოლოდ, მაგრამ უახლოეს პერიოდში თუ დაწესდება, კიდევ უფრო დიდი ვარდნა იქნება. იმიტომ, რომ აქ არ არის საუბარი ვიღაც სამოქალაქო პირების სანქცირებაზე როგორიც ფარცხალაძე იყო, აქ საუბარია პარლამენტის წევრების დასანქცირებაზე, ბიძინა ივანიშვილისა და მთავრობის წევრების დასანქცირებაზე. სანქციების დაწესება კიდევ უფრო გაზრდის იმ აჟიოტაჟს, რაც ახლა არის საფინანსო ბაზარზე“, - განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.

მანვე განმარტა, რომ სანქციების დაწესებას მოჰყვება ქვეყნისთვის დახმარებების შეწყვეტა და ასობით მილიონი დოლარის გრანტი ქვეყანაში აღარ შემოვა.

„გრძელვადიან პერიოდში ამას დაემატება დახმარებების შეწყვეტა, ამერიკამ პირდაპირ განაცხადა და ალბათ, ევროკავშირისგანაც მოვისმენთ მსგავს განცხადებას, რომ ასობით მილიონი დოლარი აღარ შემოვა საქართველოში, რაც გრანტის სახით შემოდიოდა. ასევე უვიზო რეჟიმის გადახედვა და სხვა პოლიტიკური სანქციებიც იქნება“, - განაცხადა ნამჩავაძემ.

მისი თქმით, სანქციების დაწესება, პირველ რიგში, შეეხება მოსახლეობას, მთავრობის წევრები კი ამას ნაკლებად იგრძნობენ.

„როცა ეკონომიკური კრიზისი ხდება ქვეყანაში, მთავრობის წევრები ნაკლებად გრძნობენ, მათი ხელფასები არ მცირდება, არც მათი პრემიები და დანამატები, ეს შეეხება მოსახლეობას, ვიღაც სამუშაოს დაკარგავს, ვიღაც ხელფასი შეუმცირდება, გაძვირებული ფასები დახვდება მაღაზიაში, სესხს ვერ აიღებს და ა.შ“, - განმარტა ბესო ნამჩავაძემ.

მერი ტაბატაძე