ალექსანდრე კრევო-ასათიანი - „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დასანქცირდება მათი ლიდერი და დასანქცირდებიან თვითონ

უკვე რამდენიმე გზავნილი იყო დასავლეთიდან - აშშ-დან, ევროკავშირიდან, რომ საქართველოში ოლიგარქის და რამდენიმე პოლიტიკოსის ხელში დემოკრატიის მთლიანად ჩამონგრევას და დიქტატურის ჩამოყალიბებას არ დაუშვებენ - “ქართული ოცნების“ ყველა ლიდერმა უნდა გაითვალისწინოს, რომ დასანქცირდება მათი ლიდერი და დასანქცირდებიან თვითონ, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების მდივნის მოადგილემ ალექსანდრე კრევო-ასათიანმა განაცხადა.

ალექსანდრე კრევო-ასათიანის თქმით, მათ არ ექნებათ საერთაშორისო ფინანსურ სტრუქტურებზე წვდომა, რაც მხოლოდ მათი ბრალი იქნება.

“ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებებს ერთობლივად იღებს. შეიძლება რამდენიმე დებატი გაიმართოს, შეიძლება თვითონ ვიქტორ ორბანმა, როგორც აქამდე, რაღაც საკითხები წამოაყენოს, მაგრამ საბოლოო ჯამში, როგორც ვიქტორ ორბანი დათანხმდა რუსეთზე სანქციებს, ამაზეც დათანხმდება, რადგან ევროკავშირი არის ერთობლივი გაერთიანებული სტრუქტურა მსოფლიოში და საქართველოში დიქტატურის ჩამოყალიბებას არავინ დაუშვებს“, - განაცხადა ალექსანდრე კრევო-ასათიანმა.