ტაჯიკური Somon Air თბილისში ფრენებს იწყებს

ტაჯიკეთის ეროვნული ავიაკომპანია, Somon Air 22 მაისიდან დუშანბესა და თბილისს შორის პირდაპირ ფრენებს პირველად დაიწყებს. ინფორმაციას ავიაკომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

რეისები კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით შესრულდება. თვითმფრინავი დუშანბედან ადგილობრივი დროით 09:00 საათზე, ხოლო თბილისიდან 12:40 საათზე აფრინდება.

მგზავრებს Boeing 737-800-ისა და Boeing 737-900-მოდელის ავიალაინერები მოემსახურება.

„დუშანბე-თბილისის რეისი პირველად იხსნება და ჩვენ მოხარული ვიქნებით, ორ ქვეყანას შორის საჰაერო ხიდი გავდოთ, რომელიც ორ ხალხს, რა თქმა უნდა, დააახლოებს. ამასთან, ჩვენ დარწმუნებული ვართ, ეს რეგულარული რეისი ტაჯიკეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარება-განმტკიცებას ბიძგს მისცემს,“ - აცხადებს ავიაკომპანიის გენერალური დირექტორი, აბდულკოსიმ ვალიევი.

ცნობისთვის: Somon Air ამჟამად ერთადერთი ავიაკომპანიაა ტაჯიკეთში, რომელიც ფრენებს ახორციელებს. ის რეისებს დუშანბედან რუსეთის ქალაქებში, ასევე, გერმანიაში, ინდოეთში, ირანში, ყაზახეთში, ჩინეთში, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, საუდის არაბეთში, თურქეთსა და უზბეკეთში ასრულებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ