ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა - სებ-ი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 60 მილიონი დოლარი გაყიდა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ბოლო დღეებში ლარი გაუფასურდა.

სებ-ის განმარტებით, გაუფასურება უკავშირდება „აჟიოტაჟურ პროცესებს, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები“. მათივე ცნობით, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა დაფიქსირდა, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა.

„სავალუტო ბაზარზე დაფიქსირებული რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად არის მოკლევადიანი. ჯანსაღია მაკროეკონომიკური პარამეტრები-საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა, სტაბილურია საგარეო შემოდინებები, ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ბოლო სამი წლის განმავლობაში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია მიზნობრივ 3%-ზე დაბალია, ფისკალური ბალანსი და სახელმწიფო ვალიც მდგრად დონეზეა შენარჩუნებული. ფინანსური სისტემის გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირებისთვის კომერციულ ბანკებს გააჩნიათ ჯანსაღი მომგებიანობა და აქტივების მაღალი ხარისხი, კაპიტალის და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, რათა შეუფერხებლად მოემსახურონ კლიენტებს და დააკრედიტონ ეკონომიკა. ლიკვიდური აქტივების ჯამური მოცულობა დღეს საბანკო სისტემაში 16.7 მლრდ ლარის ექვივალენტს აჭარბებს, რაც პოტენციური შოკების მიმართ უპრეცედენტო გამძლეობაზე მეტყველებს. დღესდღეობით საქართველოს საფინანსო სისტემა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მყარია“, - ვკითხულობთ ეროვნული ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, პარლამენტმა 14 მაისს „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესმე მოსმენით მიიღო. გასული ორი დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართება გაუფასურდა. ექსპერტებმა აღნიშნულია შეაფასეს, როგორც ჯერ არამოქმედებული კანონის პირველი ეფექტი.

მერი ტაბატაძე