საფრანგეთის ხელისუფლება ფორტ ბოიარდს აღადგენს

საფრანგეთში ფორტ ბოიარდს აღადგენენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ დეპარტამენტ ზღვისპირა შარანტას ხელისფლებამ მიიღო. ინფორმაციას რადიოსადგური, France Bleu ავრცელებს.

ფორტ ბოიარდი ამავე სახელწოდების სატელევიზიო შოუ-თამაშის გადაღებებით მსოფლიოში, მათ შორის, ქართველი ტელემაყურებლისთვისაც ცნობილია.

ადგილობრივი ხელისფლების მონაცმებით, სამუშაოების ღირებულება 44 მლნ ევროდ არის შეფასებული.

„ან ჩვენ ახლა დავხარჯავთ ამ მილიონობით ევროს და გადავარჩენთ ციხეს, ან არადა, ძეგლის დაკარგვას უნდა შევეგუოთ,” - აცხადებს ზღვისპირა შარანტას წყლისა და სანაპირო ტერიტორიების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მატიე ბარბიე.

მისი თქმით, საძირკვლის დამცავი ქვის პლატფორმა იშლება. ამასთან, ფორტში გამჭოლი ნაპრალებია, ხოლო ციხესიმაგრის ქვები არამდგრადია. სამუშაოების დროს დაგეგმილია ნაგებობის სამხრეთით მდებარე ნავსაბელის, ხოლო ჩრდილოეთის მხრიდან ზვირთსაქცევის აღდგენა, რომლებიც ფორტს მისი აგების დროს მიაშენეს, თუმცა დროთა განმავლობაში ის ჩამოინგრა.

არქიტექტორ დელფინ გრიმალიას ცნობით, „ამ კონსტრუქციებს ხმელეთზე ააგებენ, შემდეგ კი ფორტამდე ზღვით მიიტანენ. ისინი ზღვის წყლისა და ძლიერი ტალღების უარყოფითი ზეგავლენისგან ციხესიმაგრის დაცვას უზრუნველყოფს.“

ტელეშოუ “ფორტ ბოიარდის” გადაღებები რესტავრაციის პერიოდში მაინც გაგრძელდება. ამასთან, სარესტავრაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, რომელიც 2028 წლისთვის იგეგმება, ციხესიმაგრე დამთვალიერებლებისთვის გაიხსნება.

ადგილობრივი დეპარტამენტი პროექტის დაფინანსების მოპოვებას ევროკავშირისგან, საფრანგეთის მთავრობისა და ახალი აკვიტანიას რეგიონის ხელისუფლებისგან აპირებს, რომლის ნაწილიცაა ზღვისპირა შარანტას დეპარტამენტი.

ცნობისთვის: ფორტ ბოიარდის მშენებლობა 1801-დან 1857 წლამდე მიმდინარეობდა. ის მიზნად ისახავდა ქალაქ როშფორის სამხედრო გემთმშენებლობის, ანუ ვერფების დაცვას ბრიტანეთის ფლოტის შესაძლო თავდასხმებისგან. ციხე 68 მეტრ სიგრძისა და 31 მეტრ სიგანისაა, ხოლო მისი ქვის კედლების სიმაღლე 20 მეტრს აღწევს.

შოუ, “ფორტ ბოიარდი” პირველად საფრანგეთის ტელევიზიის ეთერით 1990 წლის ზაფხულში გავიდა. ფორტზე, ასევე, 1967 წელს ფრანგი რეჟისორის, რობერ ენრიკოს დრამის, “თავგადასავლის მაძიებლების” (“Les aventuriers”) გადაღება მიმდინარეობდა, რომელშიც მთავარ როლებს ალენ დელონი და ლინო ვენტურა ასრულებენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ