”საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფაზე საკანონმდებლო ინიციატივა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას არ შეზღუდავს”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირმა ქავთარაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკიდან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის თაობაზე მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვას არ ეხება, - ამის შესახებ ქავთარაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამართული ანგარიშის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ირმა ქავთარაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მომზადებული პრეზენტაცია დადებითად შეაფასა."სავალუტო ფონდმა გააკეთა ძალიან კარგი და ობიექტური პრეზენტაცია მიმდინარე მოვლენების თაობაზე. მიმოხილული იყო, როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოსა და განსაკუთრებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები. აღინიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ სიტუაციაზე გავლენას ახდენს ნავთობზე ფასების დაცემა, რამაც თავის მხრივ, გავლენა მოხდინა მთელ რეგიონში არსებულ სიტუაციაზე და ამას ჰქონდა თავისი გარკვეული უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და ასევე თურქეთის ეკონომიკებში რეგიონში ყველა სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით უკეთესი სიტუაციაა. ასევე აღნიშნა, რომ ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში წელს და მომავალ წელს ეკონომიკის შემცირებაც კი არის ნავარაუდევი, მაშინ როცა საქართველოს ეკონომიკა იზრდება და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდის ტემპი აღემატება მეზობელი ქვეყნების ზრდის ტემპს. ეს ნამდვილად დამაიმედებელია, თუმცა რა თქმა უნდა, ამ კუთხით, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი იყოს შენარჩუნებული, მთავრობა აქტიურად მუშაობს", - განაცხადა ქავთარაძემ.

კითხვაზე - მაშინ, როცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ამ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ნაბიჯები დადებითად შეაფასა, რატომ დადგა საერთოდ დღის წესრიგში ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის მომზადების საკითხი, ირმა ქავთარაძემ აღნიშნა, რომ კანონმდებლობაში ცვლილება ეს ეხება სხვა საკითხს, კერძოდ, იმას, რომ უფრო იყოს გაზრდილი გამჭვირვალობა და მთავრობას ჰქონდეს მეტი ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ხდება.  "რაც შეეხება იმას, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია, სავალუტო ფონდმა აღნიშნა, რომ ეს არის კარგი და რომ საქართველო ამ კუთხით უფრო მოწინავეა სხვა ქვეყნებთან შედარებით და იმყოფება იმ ქვეყნების ჯგუფში, როგორიცაა პოლონეთი, რუმინეთი, ბრაზილია და ა.შ.", - განაცხადა ქავთარაძემ.

კითხვაზე, შეზღუდავს თუ არა, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ "ეს არ ეხება დამოუკიდებლობის შეზღუდვას, ეს ეხება მხოლოდ გამჭვირვალობის გაზრდას".