ინდური კომპანია, InterGlobe, ამერიკულ Archer Aviation-თან თანამშრომლობით, ქვეყანაში პირველი საჰაერო ტაქსის გაშვებას 2026 წელს გეგმავს. ინფორმაციას სააგენტო, PTI ავრცელებს.
InterGlobe ინდოეთში ერთ-ერთ უმსხვილეს ავიაკომპანია IndiGo-ს ფლობს, ხოლო Archer Aviation საჰაერო ტაქსების განვითარებაში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერია. ეს უკანასკნელი ინდურ კომპანიას Midnight-ის მოდელის 200-მდე ელექტროვერტიკალურ ასაფრენ-დასაფრენ (eVTOL) აპარატს მიაწვდის. მათ 4-მდე მგზავრის გადაყვანა, ფრენა კი ერთხელ დამუხტული ელექტრობატარეით 40 წუთამდე შეუძლიათ.
აეროტაქსის პირველი ფრენები ნიუ-დელის ცნობილ წრიულ მოედან კონაუტ-პლეისსა (Connaught Place) და ქალაქ გურგაონს შორის იგეგმება. მგზავრობას, დაახლოებით, შვიდი წუთი დასჭირდება, ხოლო ღირებულება ერთ მგზავრზე 2-3 ათას ინდურ რუპიას (24-36 დოლარს) შეადგენს. ანალოგიურ მარშრუტზე ჩვეულებრივი ტაქსით მგზავრობას, საცობების გარეშე, დაახლოებით, 45 წუთი სჭირდება და, მინიმუმ, 700 რუპიამდე (8.4 დოლარამდე) ღირს.
სამომავლოდ იგივე სერვისის ამოქმედება ფინანსურ დედაქალაქ მუმბაისა და სტარტაპ-ინდუსტრიულ ცენტრ ბანგალორში იგეგმება.
Archer Aviation-ის დამფუძნებელი, ადამ გოლდსტინი აცხადებს, რომ ინდოეთში საჰაერო ტაქს Midnight-ის გაშვების დრო აშშ-ში ამ აპარატების სერტიფიცირების პროცესზე არის დამოკიდებული. კერძოდ, მისი თქმით, როგორც კი ამერიკული მარეგულირებელი ნებართვას გასცემს, ანალოგიურ ნაბიჯს ინდოეთის საავიაციო ხელისუფლებაც გადადგამს.
ამჟამად მოლაპარაკებები მუნიციპალურ ხელისუფლებებთან საჭირო ინფრასტრუქტურის ასაშენებლად მიმდინარეობს. კომპანიებს, ასევე, საჭირო ფართებზე უფლების შეძენა სჭირდებათ. ამასთან, ამერიკული Archer Aviation სამომავლოდ თავისი აპარატების წარმოებას ადგილზე, ანუ ინდოეთში გეგმავს.
თუ InterGlobe-ისა და Archer Aviation-ის გეგმები განხორციელდება, ისინი საჰაერო ტაქსის გაშვების პირველობისთვის ბრძოლაში ინდურ კომპანია ePlane-ს გაუსწრებენ. ePlane-მა ჯერ კიდევ მარტში გამოაცხადა, რომ ოქტომბერ-ნოემბერში თავისი საფრენი აპარატის პროტოტიპს წარადგენდა, მაშინ, როცა Archer Aviation-მა თავისი Midnight-ის სატესტო ფრენები თებერვალში დაასრულა და განზრახული აქვს, აშშ-ში მისი ექსპლუატაცია 2025 წელს დაიწყოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ