ბილ გეითსის ყოფილმა ცოლმა ერთობლივი საქველმოქმედო ფონდი დატოვა

მელინდა ფრენჩ გეითსი საქველმოქმედო ორგანიზაციას ტოვებს, რომელიც მან ყოფილ მეუღლსეთან, Microsoft-ის თანადამფუძნებელ ბილ გეითსთან ერთად დააარსა. ამის შესახებ თავად მელინდამ სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე დაწერა.

„საგულდაგულო განხილვის შემდეგ გადავწყვიტე, ბილ და მელინდა გეითსების ფონდის თანათავმჯდომარეობაზე უარი ვთქვა. ფონდში ჩემი მუშაობის ბოლო დღე 7 ივნისია. ეს არ იყო ჩემთვის ადვილი გადაწყვეტილება. უზომოდ ვამაყობ იმ ფონდით, რომელიც მე და ბილმა ერთად შევქმენით. ვამაყობ მისი გამორჩეული მუშაობით, რომელიც მთელ მსოფლიოში უთანასწორობის პრობლემას აგვარებს… დადგა დრო, ჩემი საქველმოქმედო საქმიანობის შემდეგ თავზე გადავიდე,“ - წერს მელინდა გეითსი.

ყოფილ ქმართან შეთანხმებით, ფონდიდან წასვლის შემდეგ მელინდა გეითსი 12,5 მლრდ დოლარს საქველმოქმედო მიზნებისთვის მიიღებს, რომელიც „ქალებისა და ოჯახების ინტერესებს მოხმარდება.“

„დღეს კრიტიკული დროა ქალებისა და გოგონებისთვის როგორც შეერთებულ შტატებში, ისე მთელ მსოფლიოში და მათ, ვინც თანასწორობის დაცვა-განვითარებისთვის იბრძვის, მხარდაჭერა სასწრაფოდ სჭირდება,“ - წერს მელინდა.

ბილ გეითსმა სოციალურ ქსელ X-ში ყოფილი მეუღლის გადაწყვეტილების კომენტირებისას მადლობა გადაუხადა მელინდა ფრენჩს ფონდის მუშაობაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.

„როგორც თანადამფუძნებელმა და თანათავმჯდომარემ, მელინდამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩვენი სტრატეგიისა და ინიციატივების ჩამოყალიბებაში, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ გლობალურ ჯანმრთელობასა და გენდერულ თანასწორობაზე. ვწუხვარ მელინდას წასვლის გამო, თუმცა დარწმუნებული ვარ, მისი მუშაობა დიდ გავლენას მოახდენს მომავალ საქველმოქმედო საქმიანობაზე,“ - წერს ბილ გეითსი.

მან დასძინა, რომ „ფონდის მუშაობის ერთგული ბოლომდე რჩება.“

2023 წელს გეითსების ფონდმა სხვადასხვა საქველმოქმედო ინიციატივებს 8,3 მლრდ დოლარი შესწირა, რაც ორგანიზაციის რეკორდული ბიუჯეტია.

Forbes USA-ს მონაცემებით, ბილ გეითსის ქონება ამჟამად 130.1 მლრდ დოლარს შეადგენს, ხოლო მისი ყოფილი მეუღლე, მელინდა ფრენჩ გეითსი 11.2 მლრდ დოლარის ქონებას ფლობს. ის Microsoft-ის თანადამფუძნებელს 2021 წელს დაშორდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ