„2-5 წელი შეიძლება გადავაგოროთ ჩინეთიდან ჩადებული ფულით და უზბეკეთში ექსპორტით“ - რა გავლენა ექნება კანონს ინვესტიციებზე

პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ კეთდება განცხადებები, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონი საბოლოო სახეს მიიღებს არსებული რედაქციით, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენები აშკარა იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს კანონზე ხელი არ მოუწერია და ძალაში არ შესულა, მოკლევადიანი ეფექტები მესამე მოსმენიდან რამდენიმე საათშივე გამოიკვეთა. მაგალითისთვის, შემცირდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი. 15 მაისს ლარმა დოლართან მიმართებაში გაუფასურება დაიწყო, რის შესაკავებლადაც ეროვნულმა ბანკმა 16 მაისს აუქციონზე გამოიტანა და სრულად გაყიდა 60 მლნ აშშ დოლარი.

„ბიზნესპრესნიუსი“ გიყვებოდათ, რომ კანონის დამტკიცების შემთხვევაში უარყოფითი გავლენა აისახება ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზეც. ექსპერტულ წრეებში საუბრობენ იმის შესახებ, რომ კანონის პირობებში ახალი ინვესტიციების მოზიდვა გართულდება. დავინტერესდით, როგორ აისახება აღნიშნული კანონი ინვესტორების გადაწყვეტილებებზე და ამასთან დაკავშირებით ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტ გიორგი პაპავას ვესაუბრეთ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა, ინვესტორებმა თავი შეიკავონ საქართველოში შემოსვლისგან იმ შემთხვევაში, თუ კანონი ამოქმედდება, პაპავა გვპასუხობს, რომ შესაძლებელია. მისი თქმით, ბიზნესი ქვეყანაში შემოსვლამდე აკვირდება არსებულ მდგომარეობას, საკუთარი სახელმწიფოსგან იღებს რეკომენდაციებს, რომელიც აუწყებს მათ, სად არის შესაძლებლობები და სად შეუძლიათ ინვესტიციების განხორციელება. მისი თქმით, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ საქართველოს დასავლელ პარტნიორებს, მოსალოდნელია, რომ შედეგი ინვესტიციებზეც აისახება.

„წარმოიდგინეთ საკუთარი თავი რომელიმე ევროპულ ქვეყანაში ან აშშ-ში, ფიქრობ საქართველოში ინვესტიციის ჩადებაზე, ეცნობი ახალ ამბებს და გესმის, რომ ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი „ებლატავება“ აშშ-ს წარმომადგენელს, შენ ხომ მნიშვნელოვნად შეგიმცირდება სანდოობა იმისთვის, რომ განახორციელო ამ ქვეყანაში რაიმე ინვესტიცია.

ძირითადი ინსტრუმენტები ინვესტორების მოზიდვის არის მოწვევა, სახელმწიფო და კერძო სექტორის ერთობლივი შეხვედრები და ბიზნეს შესაძლებლობებზე საუბარი, საკუთარი სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ გააკეთებენ. მეტიც, სახელმწიფო ეუბნება ბიზნესს, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი პარტნიორი და იქ შესაძლებელია ინვესტიციების ჩადება, არის შესაძლებლობები, უახლოვდება ევროპის კავშირს და გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები... მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ იმხელა ბაზრებზე როგორიც არის ამერიკა, ჩვენ გრძელვადიან პერიოდში სწორედ ასეთი ბაზრებიდან მოზიდულმა ინვესტიციებმა შეიძლება შემოიტანოს ტექნოლოგიები, ცოდნა, რომელიც განვითარებაში დაგვეხმარება“, - დასძინა პაპავამ.

მანვე დასძინა, რომ საინვესტიციო მიმართულებით კანონის შედეგად გამოწვეული პრობლემები შესაძლოა, საქართველომ 2-5-წელი ჩინეთიდან ჩადებული ფულით გადააგოროს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითი ეფექტი გარდაუვალია.

„ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, რომელმაც 2-5-წლიან პერიოდი შეიძლება გადააგოროს ჩინეთიდან ჩადებული ფულით, უზბეკეთში გატანილი ექსპორტით, მაგრამ გრძელვადიანად თუ ჩვენ გვინდა ევროკავშირის წვერები ვიყოთ, ამის წყარო არის კერძო სექტორთან მჭიდრო ურთიერთობა და არა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, როგორიცაა მაგალითად ოფშორების შესახებ კანონი და სხვები“, - ამბობს გიორგი პაპავა.

მერი ტაბატაძე