აშშ-მა რუსეთის მოქალაქეებს და რუსულ კომპანიებს, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან იარაღის მიწოდების ხელშეწყობისთვის, სანქციები დაუწესა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის ორ მოქალაქესა და სამ რუსულ კომპანიას, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში მონაწილეობისთვის, სანქციები დაუწესა.

უწყების ცნობით, დასანქცირდნენ რაფაელ ღაზარიანი და მასთან დაკავშირებული კომპანიები, „ტრანს კაპიტალი“ და „რაფორტი“, ისევე როგორც ალექსეი ბუდნევი და მისი კომპანია „ტექნოლოგია“.

„გადაწყვეტილება ასახავს ჩვენს სურვილს, ხელი შევუშალოთ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთთან", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ბრაიან ნელსონმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს ზომების მიღებას იმ მიზნით, რომ პასუხისმგებლობა დაეკისროს მათ, ვინც ცდილობს ხელი შეუწყოს იარაღის და სხვა მასალის მიწოდებას, რათა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოება შეძლოს.

სანქციები გულისხმობს შეერთებულ შტატებში ქონებისა და აქტივების ბლოკირებას. გარდა ამისა, შეერთებულ შტატებში ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებს ეკრძალებათ ბიზნეს ურთიერთობა სანქცირებულ პირებთან.