„გაძვირდება ფული, რომელიც საქართველოში შემოდის“

იმ შემთხვევაში, თუ სანქციები ამოქმედდა, უცხოელი ინვესტორების თვალში გაიზრდება ქვეყნის რისკი, შესაბამისად, გაძვირდება ფული, რომელიც საქართველოში შემოდის. ამის შესახებ აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია BDI-ს მმართველმა პარტნიორმა ზურაბ ლალაზაშვილმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში კი, თუ უცხოელი მსესხებლები საქართველოს ფულს გაუძვირებენ, ეს თითოეულ მოქალაქეზე აისახება რადგან, გარდა სესხებისა, პროდუქციის ფასებსაც შეეხება.

„მესამე მოსმენამდე პერიოდი, თითქოს ჩვეულებრივად მიდიოდა მაინც ბიზნესი, თითქოს არ იმჩნევდა ამას და ჩვეულებრივ ხორციელდებოდა - ოპერაცია იქნება, თუ აქტივობა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, რასაც ვატყობთ, არის ის, რომ გარკვეულწილად შემცირებულია ბიზნესის მიერ ახალი ინიციატივების აღება, თუ გარიგებები. ელოდება ბიზნესი რა მოხდება, როგორ დალაგდება სიტუაცია, რა ფორმით დაწყნარდება და ა.შ. ეს ბუნებრივიცაა.

ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ ის სიტუაცია, როდესაც რეალურად სანქციები არის ამოქმედებული, ამ შემთხვევაში, საქართველოს, როგორც ქვეყნის რისკი, უცხოელი ინვესტორების თვალში იზრდება. ინვესტორზე როცა ვსაუბრობთ, აქ არ იგულისხმება მხოლოდ ის ადამიანები, ვინც მოდიან ფულს დებენ, ესენი არიან მსესხებლები, ვინც ჩვენს ბანკებს ფულს აძლევს, ასევე ვინც მთავრობისთვის გამოყოფს გრძელვადიან დაფინანსებას და ა.შ. თუ გაიზრდება ქვეყნის რისკი, გაძვირდება ფული, რომელიც საქართველოში შემოდის. ასევე, მოლოდინია, რომ თვითონ ეს ფულის მასა შესაძლოა შემცირდეს, სანქციებიდან გამომდინარე, თუ კანონის ამოქმედების შემთხვევაში. ეს საბოლოო ჯამში, ბუნებრივია, გამოიწვევს გაძვირებას ყველა ადამიანისთვის. ეს შეიძლება იყოს სესხი, ვიღაცას არ აქვს, მაგრამ პროდუქციაზე მოახდენს ეს გავლენას, რადგან ბიზნესს გაუძვირდება ფული.

რასაც ვხედავთ ჩვენ, ჯერჯერობით აქეთ მიდის ყველაფერი. იმიტომ, რომ ჩემი აზრით, კანონის შერბილება არ არის ის ფორმა, რითაც შეიძლება ეს გადაილახოს. თუნდაც კანონი რომ გაუქმდეს, იმ წერტილამდე დაბრუნება საიდანაც დავიწყეთ, 1 თვის წინ, ალბათ, ვერ მოხერხდება დიდი ხანი“,- განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 14 მაისს მიიღო. პროექტი გასულ წელსაც განიხილებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზოგადოების პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. ხელმეორედ დაინიცირებული კანონპროექტს ისევ ხმაური, დაპირისპირება, საზოგადოების პროტესტი და ევროპარლამენტარების კრიტიკა მოჰყვა. ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი ევროპულ ღირებულებებთან არათავსებადია და ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზას გადაუხვია.

ნინი ქეთელაური