ლარის კურსზე არცერთ ფუნდამენტურ ფაქტორს, რომელზეც ის შეიძლება რეაგირებდეს, გავლენა არ მოუხდენია - მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ - ლარი გადაიხარა წონასწორული მაჩვენებლიდან. როგორც კი მოხდა გარე ჩარევა, ლარმა დაიწყო წონასწორული მაჩვენებლისკენ წასვლა,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა ბოლო პერიოდში ლარის შეცვლილ კურსთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან, მედიაჰოლდინგ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, მისი ვარაუდით, ლარის კურსი მის წონასწორულ მდგომარეობას მომდევნო კვირის განმავლობაში დაუბრუნდება.
„პირდაპირ რომ ვთქვათ, ლარის კურსზე არცერთ ფუნდამენტურ ფაქტორს, რომელზეც ლარი შეიძლება რეაგირებდეს, გავლენა არ მოუხდენია. 4 ძირითადი ფაქტორია, რომელიც ლარზე რეაგირებს. ესენია: ექსპორტი, ტურიზმი, გადმორიცხვები და ინვესტიციები. შეუძლებელი იყო, რომ რომელიმეს ამ პერიოდში გავლენა ჰქონოდა, გამორიცხულია. მეტიც, ყველანაირი ტენდენცია ბოლო პერიოდში მიდიოდა ლარის კურსის სიმყარე-სტაბილიზაციის მიმართულებით. ასე რომ, ფუნდამენტურ ფაქტორს გავლენა არ მოუხდენია. ამ შემთხვევაში, მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია წმინდა აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ. აჟიოტაჟი ფაქტორია, მაგრამ არა ფუნდამენტური. ეს არის ყოველთვის მოკლევადიანი, რომელიც შემდგომ საწყის ვითარებას უბრუნდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ლარი იყო წონასწორულ მაჩვენებელზე. ასე რომ, ფუნდამენტურ ფაქტორებს გავლენა არ მოუხდენია. ლარი გადაიხარა წონასწორული მაჩვენებლიდან. როგორც კი მოხდა გარე ჩარევა. ყოველთვის ასე ხდება და ეს ქართული მოვლენა არ არის. როდესაც კურსზე აჟიოტაჟური, ემოციური ფაქტორი ავლენს ხოლმე გავლენას, ის წონასწორული მდგომარეობიდან იწყებს გადახრას. წონასწორობაში აუცილებლად ბრუნდება, მაგრამ გადახრა ხდება უფრო სწრაფად, დაბრუნება შედარებით ნელი ტემპით. ნელი ტემპი ნიშნავს რამდენიმე დღეს. არც ერთ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული კვირებთან და ა.შ. ვვარაუდობ, რომ ლარის კურსი მის წონასწორულ მდგომარეობას დაუბრუნდება მომდევნო კვირის განმავლობაში. არ ველოდები რაიმე სხვა ტიპის რყევას. მგონია, რომ ემოციური ფონი უპირატესად დამშვიდებულია. მარეგულირებელმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. მან მისცა ნიშანი ბაზარს, რომ მოწოდების სიმაღლეზეა. ის აზღვევს რყევას, რომელიც შეიძლება ნებისმიერი, თუნდაც მოკლევადიანი აჟიოტაჟური ფაქტორით იყოს გამოწვეული.
რომ შევხედოთ ამ წუთისთვის არსებულ საბაზრო გაცვლით კურსს ტაბლოებზე, ვითარება გუშინ დილის პერიოდთან შედარებით, რამდენიმე პუნქტით გაუმჯობესებისკენ, სტაბილიზაციისკენ და წონასწორობისკენ არის წასული. ეს ვერ მოხდებოდა ვერც ერთი ინტერვენციით მოსახლეობას და ბაზრის მოთამაშეებს რომ არ დაეჯერებინათ, რომ ეს იყო აჟიოტაჟი და არაფერი სხვა. ფუნდამენტურ ჩარევებს ვერანაირი მშვიდი საუბარი, რომ არაფერი ხდება, ვერ უშველიდა. ფუნდამენტური გადახრა ძალიან რთული გადახრაა, რომელსაც მსხვილი ჩარევა სჭირდება. მინიმალური ჩარევით მოხდა სტაბილიზაციისკენ ძალიან სწრაფი სვლა“,- განაცხადა აბაშიშვილმა.