ფინეთში რუსებს კომუნალური დავალიანების გამო ბინებს ჩამოართმევენ

ფინეთში რუსებს, რომლებიც კომუნალურ გადასახადებს არ იხდიან, შესაძლოა, ბინები ჩამოერთვათ ან ისინი გაქირავდეს. ამის შესახებ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები მიმდინარე კვირას შედის. ინფორმაციას ფინური მაუწყებელი, Yle ავრცელებს.

ტელეარხის ცნობით, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსული ბანკების დასანქცირების გამო რუსეთში მცხოვრებმა პირებმა, რომლებიც ფინეთში უძრავ ქონებას ფლობენ, საბინაო-კომუნალური მომსახურების გადახდის ტექნიკური შესაძლებლობა დაკარგეს.

ფინური კანონმდებლობით, თუ ბინის მფლობელებს კომუნალურ გადასახადებზე დავალიანება დაუგროვდათ, საბინაო სააქციო საზოგადოებებს შეუძლიათ, ბინა ამოიღონ ან ის გააქირავონ. თუმცა არსებული კანონით, მათ ამის შესახებ სახლის მეპატრონე უნდა გააფრთხილონ, რაც რუსებთან დაკავშირებით ამჟამად შეუძლებელია, რადგან ფინეთსა და რუსეთს შორის საფოსტო-საკურიერო მომსახურება არ მუშაობს.

ამდენად, ფინეთის ხელისუფლება რუსებისთვის საცხოვრებლის ჩამორთმევის პროცედურას ამარტივებს, რაც იუსტიციის სამინისტროს სამუშაო ჯგუფის ანგარიშში წერია. კერძოდ, საკმარისი იქნება გაფრთხილების ან კონფისკაციის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნება მთავრობის კანცელარიის ოფიციალურ მაცნეში და იმ კოოპერატივისთვის შეტყობინების გაგზავნა, სადაც საცხოვრებელი არის განთავსებული.

„ეს განსაკუთრებული ზომაა და ასე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიმოქმედებთ, თუ კოოპერატივის აქციონერისთვის შეტყობინება სხვაგვარად შეუძლებელი იქნება,“ - აცხადებს იუსტიციის სამინისტროს იურიდიული მრჩეველი, მარკუს ტერვონენი.

უძრავი ქონების ასოციაციის შეფასებით, რუსებში პოპულარულ სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ფინეთში კომუნალური გადასახადების დავალიანების გამო პრობლემები შესაძლოა, 1,000-მდე საბინაო კოოპერატივს შეექმნას.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ