აუდიტის სამსახური ფინანსთა სამინისტროს მიერ გაწეულ რესტორნის ხარჯებს არაადეკვატურს უწოდებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის თანახმად, ფინანსთა სამინისტროში 2012-2013 წლებში საკუთარი ბიუჯეტის დაგეგმვა არასათანადოდ ხორციელდებოდა.

კერძოდ, როგორც გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ 2014 წლის ანგარიშშია ნათქვამი, "საქონელი და მომსახურების" და "არაფინანსური აქტივების ზრდის" მუხლებში საბიუჯეტო განაცხადებით მოთხოვნილი თანხები დაუსაბუთებელია და მნიშვნელოვნად აღემატებოდა რეალურად საჭირო ოდენობებს.  "ეს ერთგვარ "სარეზერვო ფონდს" წარმოადგენდა გადანაწილებების გზით "შრომის ანაზღაურების" მუხლით დამტკიცებული ასიგნების გასაზრდელად შემდგომში პრემიების გაცემის მიზნით. სულ სამინისტროს მასშტაბით, 2013 წლის განმავლობაში გეგმების დაზუსტების შედეგად "შრომის ანაზღაურების მუხლი" გაზრდილია 3,013.7 ათასი ლარით", - აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახური საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებულ სხვა ხარვეზებზეც საუბრობს და ერთ-ერთ ასეთად თანამდებრობრივ სარგოსთან დაკავშირებულ საკითხს ასახელებს. "2012 წლის განმავლობაში სამინისტროს აპარატის 26 თანამდებობის პირს, გარდა დანამატებისა, მიღებული აქვთ პრემიები. მათ მიერ წლის განმავლობაში მიღებული პრემიების ოდენობა საშუალოდ თანამდებობრივი სარგოს 172%-ს შეადგენს. 2013 წელს, მინისტრის ბრძანებით, დანამატი ზეგანაკვეთური მუშაობისა და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური დატვირთვისათვის დანიშნული ჰქონდა 18 პირს, თუმცა ბრძანებებში არ დაფიქსირებულა, თუ რა განსაკუთრებული საპასუხისმგებლო ფუნქცია დაეკისრათ ამ პირებს და რა საათების განმავლობაში უნდა ემუშავათ მათ ზეგანაკვეთურად. ასევე გაურკვეველია, რატომ აღემატება დანამატების ოდენობა თანამდებობრივ სარგოებს 1,5-2-ჯერ", - ნათქვამია ლაშა თორდიას ანგარიშში.

გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციით, 2012-2013 წლებში წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლით გაწეულია 422.9 ათასი ლარის ხარჯი, თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, ცალკეულ შემთხვევებში ხარჯის გაწევა არ წარმოადგენდა არავითარ აუცილებლობას.  "ზოგიერთ შემთხვევაში გაწეული სარესტორნო მომსახურების ხარჯები არაადეკვატურია სტუმრების რაოდენობიდან გამომდინარე. რიგ შემთხვევებში კი, გაურკვეველია სტუმრების ოდენობა და გაწეული სარესტორნო მომსახურების ხარჯების საჭიროებასთან შესაბამისობა", - აღნიშნულია დოკუმენტში.

პარლამენტისთვის გაგზავნილ წლიურ ანგარიშში გენერალური აუდიტორი

საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებული მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ გაწეულ ხარჯებზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ 2013 წლის ბოლოს მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, დეპარტამენტების და სამსახურების უფროსები სამსახურებრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისთვის წახალისდნენ 1.0 ათასი ლარის ღირებულების მობილური ტელეფონებით.  "აღნიშნული საჩუქრები თანამშრომლებზე გაცემულია "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 74-ე და 75-ე მუხლების შესაბამისად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ კანონის ზემოაღნიშნული მუხლები არ ვრცელდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებზე. შესაბამისად, აღნიშნული ბრძანების მინისტრზე გავრცელება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია", - მიიჩნევს გენერალური აუდიტორი.

ლაშა თორდიას სამსახურს პრეტენზიები ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებითაც აქვს და აღნიშნავს, რომ უწყების მიერ სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა და განხორციელება 2012-2013 წლებში სერიოზული ხარვეზებით ხასიათდებოდა. "კერძდ, საინჟინრო-საპროექტო მომსახურებების შესყიდვის მიუხედავად, მისი გამოყენება არ მომხდარა. შესაბამისად, სამინისტროს მიერ არაეფექტიანად არის გახარჯული 346.0 ათასი ლარი", - აღნიშნულია ანგარიშში.