რუმინეთში მზის მცურავ პირველ ელექტროსადგურს ააშენებენ

რუმინეთი მზის მცურავი პირველი ელექტროსადგურის მშენებლობის დასაწყებად ემზადება. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

მზის ელექტროსადგური 26,295 ფოტოელექტრული პანელისგან შედგება და მდინარე ოლტზე 17 ჰექტარ ფართობს დაიკავებს.

სადგურს 10 მეგავატ მოცულობის სიმძლავრე ექნება. ეს, დაახლოებით, ანალოგიური მოცულობაა, რასაც მცირე ჰიდროელექტროსადგური გამოიმუშავებს.

ევროპული ქვეყნების განახლებად ენერგიაზე გადასვლა ევროკავშირს ამბიციური მიზნის მიღწევაში ეხმარება, რომელიც 2030 წლისთვის სითბური გაზების ემისიების 55%-მდე, ხოლო 2050 წლისთვის გამონაბოლქვის ნულამდე შემცირებას გულისხმობს, რომ ის ატმოსფეროში აღარ დაგროვდეს და ბუნებრივად, ანუ ხეების მიერ მთლიანად იქნეს შთანთქმული.

ცნობისთვის: 2030 წლისთვის ევროკავშირის ქვეყნები ენერგიის მთლიანი მოხმარების, მინიმუმ, 42,5%-ს განახლებადი წყაროებიდან მიიღებენ. ახალი წესებით, ევროკავშირის ქვეყნებს ექნებათ არჩევანი: ან 29%-მდე გაზარდონ განახლებადი წყაროების წილი ტრანსპორტში 2030 წლისთვის, ან ტრანსპორტიდან სითბური გაზის ემისიების ინტენსივობა 14,5%-ით შეამცირონ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ