ვასო ურუშაძე - „რუსული კანონის“ ამოქმედება საქართველოს გლობალური ეკონომიკიდან იზოლირებას გამოიწვევს

„რუსული კანონის“ ამოქმედება საქართველოს გლობალური ეკონომიკიდან იზოლირებას გამოიწვევს, რაც მასობრივ სიღარიბემდე მიგვიყვანს - ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაფიო გზავნილები, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებაში „რუსულ კანონს“ მოიყვანს აუცილებლად გამოყენებული იქნება სანქციები და ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები გადაიხედება, სერიოზულ ზიანს ქვეყნის ეკონომიკას მიაყენებს და შესაძლოა ის გაკოტრებამდეც მიიყვანოს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის საგარეო კურსის ცვლილება და მთავრობის ღია კონფრონტაცია დასავლეთთან საბანკო და საფინანსო სექტორში სერიოზულ რყევებს გამოიწვევს.

„რუსული კანონის“ ამოქმედება საქართველოს გლობალური ეკონომიკიდან იზოლირებას გამოიწვევს, რაც მასობრივ სიღარიბემდე მიგვიყვანს. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან მკაფიო გზავნილები, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებაში „რუსულ კანონს“ მოიყვანს აუცილებლად სანქციები გამოყენებული იქნება და ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები გადაიხედება, სერიოზულ ზიანს მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას და შესაძლოა ის გაკოტრებამდეც მიიყვანოს.

ბოლო 30 წლის მანძილზე, დასავლური ფონდების კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს, მხოლოდ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 50 მილიარდ ლარს აღემატება.

დასავლური ფონდებიდან მიღებული ფინანსური მხარდაჭერა ძირითად შემთხვევაში საქართველოს მდგრად განვითარებას ხმარდება, როგორიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწყობა, ენერგოუსაფრთხოება, წყალმომარაგება, სტრატეგიული კომუნიკაციები და სხვა, რაც სახელმწიფოს ეკონომიკური სტაბილურობისთვის გადამწყვეტ როლს წარმოადგენს.

დასავლეთიდან ფინანსური მხარდაჭერის შეწყვეტა და საქართველოში მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების გამოყენება ნეგატიურ გავლენას ქვეყნის საინვესტიციო გარემოზე იქონიებს, რომელიც ისედაც სავალალო მდგომარეობაშია. საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიები მჭიდრო კავშირში დასავლურ საფინანსო ინსტიტუტებთან იმყოფებიან, რომლებიც ინვესტიციას ისეთ ქვეყნებში არ დებენ, როგორიცაა ბელორუსი, რუსეთი და სხვა ავტორიტარული რეჟიმები, რომელთა მმართველების წინააღმდეგაც დასავლური სანქციები მოქმედებს. სამწუხაროდ, „რუსული კანონის“ ამოქმედების შემთხვევაში საქართველოც იგივე ბედს გაიზიარებს.

საქართველოსთვის საგარეო კურსის ცვლილება და მთავრობის ღია კონფრონტაცია დასავლეთთან სერიოზულ რყევებს საბანკო და საფინანსო სექტორში გამოიწვევს, რადგან სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკა დღეს ძირითადად საბანკო ეკონომიკას წარმოადგენს, შესაბამისად, ამას მყისიერი გავლენა ქვეყნის სრულ ეკონომიკურ პროცესებზე ექნება და დამანგრეველი ეფექტი ექნება. კრიზისი საბანკო სექტორში ნეგატიურად კერძო კომპანიების მდგომარეობაზე აისახება, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ბანკებთან. ბიზნესი, რომელიც უმძიმესი კრიზისის წინაშე აღმოჩნდება, განურჩევლად სექტორისა, იქნებიან ესენი იმპორტიორი კომპანიები, სამშენებლო თუ ადგილობრივი მწარმოებლები გადავლენ თვითგადარჩენის რეჟიმზე, რაც რიგ შემთხვევებში მათ გაკოტრებამდე გამოიწვევს.

დასავლურ სანქციებს საქართველოსთვის ბევრად მძიმე შედეგის მოტანა შეუძლია, ვიდრე ეს იყო რუსეთისა და ბელორუსის შემთხვევაში, რუსეთსა და ბელორუსში მეტ-ნაკლებად განვითარებულია ადგილობრივი წარმოება, ხოლო საქართველო დიდწილად იმპორტზეა დამოკიდებული და შემოსავლის წყაროს ტურიზმი, რეექსპორტი და ტრანზიტი წარმოადგენს, რაც გლობალური ეკონომიკიდან იზოლირების პირობებში მიმზიდველობას დაკარგავს და ქვეყანა უფრო მეტად გაღარიბებას დაიწყებს.

ყველაზე მეტად დაზარალდებიან საქართველოს მოქალაქეები, ეკონომიკური რყევები გამოიწვევს ისედაც გაძვირებული პროდუქციის და სერვისების კიდევ უფრო გაძვირებას, გაიზრდება ინფლაციის დონე, შემცირდება სამუშაო ადგილები, გაიზრდება საბანკო პროცენტები და მივიღებთ მეტ ემიგრაციას.

სანამ ჯერ კიდევ არის დრო, აუცილებელია სახელმწიფოს გადასარჩენად გაერთიანება, დემოკრატიის რელსებზე ქვეყნის დაბრუნება და ევროპული პერსპექტივის რეალიზება, რაც იქნება გარანტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, სტაბილურობის, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის და კეთილდღეობის, სადაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს პერსპექტივა ღირსეული ცხოვრების ექნება“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ, რომლის განცხადებასაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.