„საქართველოს უყურებენ როგორც ქვეყანას რომელიც იცვლის დასავლურ ორიენტაციას - ეს კატასტროფული სიტყვათა წყობაა ნებისმიერი ინვესტორისთვის“

„ქართული ბანკების აქციებზე ფასების შემცირება და ლარის გაუფასურება პირდაპირ არის კავშირში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მწვავე განცხადებებთან,“ - ამის შესახებ ფინანსისტმა გიგა ბედინეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„თიბისისა და საქართველოს ბანკის აქციების ფასის ვარდნაც და ლარის გაუფასურებაც პირდაპირ კავშირშია იმასთან, რომ თვეების განმავლობაში საკმაოდ ნერვიული ატმოსფეროა ინვესტორებისთვის და ბოლო ტრიგერი იყო ის, რომ მესამე მოსმენით კანონი გავიდა. ო’ბრაიენი იყო ჩამოსული და საკმაოდ მკვეთრი განცხადებები გააკეთა, პირდაპირ ღიად ლაპარაკობენ სანქციებებზე, და ა.შ.“ - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოსთან გლობალური მასშტაბით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და ის ვინც ამბობს, რომ ბოლოდროინდელი პროცესები ეკონომიკურ რყევებთან არანაირ კავშირში არ არის, მას ან არ ესმის ან გულწრფელი არ არის. ფინანსისტი სანქციების თემას და უცხოელი ინვესტორების, საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმართ, შექმნილ განწყობებსაც შეეხო.

როგორც ბედინეიშვილმა აღნიშნა, არათუ კონკრეტული პირების სანქცირება წარმოადგენს პრობლემას, არამედ ის, რომ სტრატეგიული პარტნიორების თვალში საქართველო დასავლურ ორიენტაციას იცვლის.

„თავისთავად სანქციერება კი არ არის რაღაც ეკონომიკური კატასტროფა, არამედ ეს სიმპტომია იმისა, რომ ფაქტობრივად ჩვენი მთავარი მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა უყურებს საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც დიდი ალბათობით იცვლის ორიენტაციას, ეს კატასტროფული სიტყვათა წყობაა ნებისმიერი ინვესტორისთვის“

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 14 მაისს მიიღო. ამ ყველაფერს კი ქართული საზოგადოებისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა. ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი ევროპულ ღირებულებებთან არათავსებადია და ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზას გადაუხვია.

თორნიკე მაისაშვილი