საქართველოსა და სომხეთში აშკარაა ეკონომიკის ზრდა - უწყობს თუ არა გეოპოლიტიკა და რუსეთ-უკრაინის ომი ხელს?

გლობალური კომუნიკაციების სპეციალისტი Bill Hinchberger-ი, Global Finance-ში სტატიას აქვეყნებს და საქართველოსა და სომხეთის ეკონომიკურ პოტენციალს ეხმიანება.

მისი თქმით, საქართველოსა და სომხეთში აშკარაა ეკონომიკის ზრდა და ამაში განსკუთრებული წვლილი სტრატეგიულ მდებარეობასა და მეზობელ ქვეყნებში ბოლოდროინდელ მოვლენებს მიუძღვით. ავტორს არ გამორჩენია ისიც, რომ თბილისმა, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიურ შეხვედრას უმასპინძლა, ხოლო ერევანმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კონფერენციას. ზემოთ ხსენებული ფაქტები ჰინჩბერგერმა ორივე ქვეყანაში მზარდი ეკონომიკური მღელვარების საილუსტრაციოდ მოიყვანა.

როგორც სტატიაში ითქვა, მიუხედავად ახლომდებარე რუსეთისა და თურქეთის გამოწვევებისა, ორივე ქვეყანა მნიშვნელოვან ზრდას განიცდის. სომხეთის მშპ 2022 წელს 12,6%-ით გაიზარდა, 2023 წელს 7%-ით, ხოლო მიმდინარე წელს მოსალოდნელია 5%-იანი ზრდა. საქართველოს ეკონომიკამაც ასევე ზრდა განიცადა, მშპ-ს 10.1%, 6.2% და 4.8% - იანი მატებით იმავე პერიოდებში.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ზრდას გაუმჯობესებულ ეკონომიკურ საფუძვლებთან ერთად, ხელი კოვიდის შემდეგ სიტუაციის გაჯანსაღებამ შეუწყო. განსაკუთრებული ყურადღება კი ტურიზმის სექტორისკენაა მიპყრობილი.

საინტერესოა ისიც, რომ ჰინჩბერგერის აზრით, უკრაინაში მიმდინარე ბოლოდროინდელმა კონფლიქტმა ირიბად, მაგრამ მაინც საქართველოსა და სომხეთს დიდი სარგებელი მოუტანა. მისი თქმით, ომის დაწყების შემდეგ, ორივე ქვეყანაში დიდი რაოდენობით მიგრანტი და კაპიტალი შემოვიდა, რამაც ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი კიდევ უფრო გაზარდა.

სომხეთში 100 000-მდე რუსი გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო საქართველომ 110 000-მდე რუსი მიიღო. სტატიის თანახმად, ამ ნაკადმა განაპირობა კაპიტალის ტრანსფერების, ინვესტიციების ზრდა და ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება.

მართლაც, ინფორმაციული ტექნოლოგიები (IT) მამოძრავებელი ძალაა სომხეთის ეკონომიკისთვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანა ფოკუსირებული იყო IT და მომსახურების ინდუსტრიებზე და ეს დღესაც ასეა. რუსეთიდან და უკრაინიდან IT სფეროს პროფესიონალების ჩამოსვლამ კი ამ სექტორში მუშახელის დეფიციტი შეავსო და სამუშაო ძალის კვალიფიკაციაც შესამჩნევად ამაღლდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ სომხეთმა 100 000-ზე მეტი ლტოლვილი მთიანი ყარაბაღიდანაც მიიღო, რაც კიდევ უფრო ზრდის ეკონომიკურ აქტივობას. გადაჭრით ვერ ვიტყვით რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ამ უკანასკნელს გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ მოკლევადიან დროში გავლენა პოზიტიურია.

სტატიის ბოლოს, ჰინჩბერგერს არც საქართველოს სატრანზიტო დანიშნულება გამორჩენია. მისი თქმით, საქართველოს, მიწოდების ჯაჭვში, დერეფნის ფუნქცია აქვს და ერთმანეთთან ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას უმოკლესი გზით აკავშირებს. როგორც მან აღნიშნა, ეს ალტერნატიული მარშრუტი უდიდესი მნიშვნელობისა და პოტენციალის მქონეა საერთაშორისო ვაჭრობისთვის. სპეციალისტის აზრით, მიუხედავად ლოჯისტიკური გამოწვევებისა, დერეფნის მნიშვნელობა იზრდება, რაც საქართველოსა და სომხეთს აძლევს შესაძლებლობას განახორციელონ ინვესტიციები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში და გაზრდილი ვაჭრობით დიდი სარგებელი მიიღონ.

თორნიკე მაისაშვილი