ჩინეთის ხელისუფლება უძრავი ქონების ბაზარზე არსებული პრობლემების მოგვარებას ცდილობს

ჩინეთის სახალხო ბანკმა (PBOC) 300 მილიარდი იუანის (41,5 მილიარდი დოლარი; 32,8 მილიარდი ფუნტი) ფონდის მობილიზების შესახებ გამოაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ეს თანხა ადგილობრივ სახელმწიფო კომპანიებსა და უბრალოდ ადამიანებს დაეხმარება გაუყიდავი სახლების შეძენაში“ - თქვა ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილე ტაო ლინგმა.

ახალი ხელშემწყობი ზომები ასევე მოიცავს იმ თანხის შემცირებას, რომელიც სახლის მყიდველებმა დეპოზიტზე აუცილებლად უნდა განათავსონ.

ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე არსებული პრობლემები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან უძრავი ქონების ინდუსტრია ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის. მანამდე, ვიცე-პრემიერმა ჰე ლიენგმა ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას შეუძლია შეიძინოს უძრავი ქონება "გონივრული ფასად" და გაყიდოს ისინი მოსახლეობისთვის ხელსაყრელი პირობებით. თუმცა, მან არ დააკონკრეტა დეტალები, თუ რამდენი ქონების შეძენაა შესაძლებელი, ან რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ინიციატივა.

ცენტრალურმა ბანკმა ასევე გააუქმა იპოთეკის მინიმალური განაკვეთი და სახლის პირველად მყიდველებისთვის მინიმალური წინასწარი გადახდაც შეამცირა (20%-დან 15%-მდე). მეორე სახლის მყიდველთათვის მინიმალური ანაბარი 30%-დან 25%-მდე განისაზღვრა.

პარასკევს გამოქვეყნებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ახალი სახლების ფასები აპრილში ზედიზედ მეათე თვეა ეცემა. მაგალითად, წინა თვესთან შედარებით კლება 0.6%-ია, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა 2014 წლის ნოემბრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის უძრავი ქონების დეველოპერებს ფინანსური სირთულეები ჯერ კიდევ 2021 წლიდან შეექმნათ, როდესაც მთავრობამ უძრავი ქონების მსხვილ კომპანიებზე სესხების შეზღუდვის მიზნით ახალი წესები შემოიღო.

თორნიკე მაისაშვილი