2024 წელს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულება 22%-ით გაიზარდა

„მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოდან განხორციელებული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის ღირებულებამ 365 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია“ - ამ თემაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარდგენილ 2023 წლის ანგარიშშია საუბარი.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი ყოველწლიურად საშუალოდ 13 პროცენტით იზრდებოდა და 2023 წელს რეკორდული 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. სააგენტოს მომზადებულ დოკუმენტში, ნათქვამია ისიც, რომ გასული წლის ექსპორტის ღირებულება 2022 წლის მაჩვენებელს - 15%-ით აღემატება.

როგორც ირკვევა 2023 წელი წარმატებული იყო საექსპორტო ქეყნების რაოდენობის კუთხითაც.

„მზარდია საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფიაც, გასულ წელს ამ ქვეყნების რიცხვმა 106-ს მიაღწია“ - ნათქვამია განცხადებაში.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ქართულმა აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტმა 2023 წელს რეკორდული 1.44 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

სამინისტროს თქმით, ქვეყანაში ასევე წლიდან წლამდე იზრდება თანამედროვე ხეხილის ბაღების ფართობები, რაც ერთ-ერთი წარმატებული სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავლის“ შედეგია. მათი მონაცემებით, პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფოს მხარდაჭერით 22 ათას ჰექტრამდე თანამედროვე ბაღი გაშენდა.

ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ 2023 წელს ამ ბაღებიდან მიღებული მოსავლის ღირებულება 150 მლნ ლარს აღემატება. გამოთქმულია მოლოდინი, რომ მომდევნო წლებში ბაღებიდან მიღებული მოსავალი მნიშვნელოვნად მზარდი იქნება, რაც გაშენებული ბაღების მსხმოიარობაში შესვლით არის განპირობებული. 2030 წლისათვის მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში გაშენებული ბაღებიდან მრავალწლოვანი კულტურების წარმოება ყოველწლიურად 200 ათას ტონას გადააჭარბებს, რომლის ღირებულება დაახლოებით 500 მილიონ ლარზე მეტი იქნება.

თორნიკე მაისაშვილი