იბიცასა და მაიორკაზე ალკოჰოლური სასმლის მიღება შეიზღუდა - რამდენია ჯარიმა

ესპანეთის ბალეარის კუნძულების ყველაზე პოპულარული კურორტების, იბიცას და მაიორკას მთავარ ტურისტულ რაიონებში დამსვენებლები ქუჩებში ალკოჰოლურ სასმელებს ვეღარ მიიღებენ. ინფორმაციას CNN Travel ავრცელებს.

ახალი წესები, ტერასებისა და სხვა ლიცენზირებული ტერიტორიების გარდა, ალკოჰოლის დალევას ყველგან კრძალავს, ხოლო კანონდარღვევა 500-დან 1,500 ევრომდე ჯარიმას ითვალისწინებს.

ამასთან, მაღაზიებში საღამოს 21:30-დან დილის 08:00 საათამდე ალკოჰოლური სასმლის შეძენა არ შეიძლება. კერძოდ, მაიორკაზე ალკოჰოლის ღამის გაყიდვა ლუკმაჯორში, პალმასა და კალვიაში (მაგალუფეში), ხოლო იბიცაზე სან-ანტონიოში აიკრძალა.

აკრძალვა, ასევე, შეეხო წვეულებების გემებს, რომლებზეც ალკოჰოლური სასმელი ბორტზე იყიდება. მათ განკარგულებაში შემავალი ზონებიდან ერთი საზღვაო მილის, ანუ 1,85 კილომეტრამდე მანძილზე ყოფნა აეკრძალათ. ამასთანავე, მითითებულ რაიონებში გემებზე მგზავრების ჩასხდომა-გადმოსვლა აიკრძალა.

აღნიშნული ზომებით მთავრობა დესტრუქციული ქცევის შემდგომ შეკავებას ისახავს მიზნად, თუმცა, მეორეს მხრივ, ხელისუფლებამ თავდაპირველი, 2020 წლის დადგენილების „მკაცრი ენა” შეარბილა და „ჭარბი ტურიზმის“ ნაცვლად, ახალ განკარგულებაში განახლებული ტერმინი, „პასუხისმგებლიანი ტურიზმი“ ჩაწერა.

ჩინოვნიკების მტკიცებით, წინა ფორმულირება ეწინააღმდეგებოდა კუნძულების ძირითად სამრეწველო ინდუსტრიას, რადგან „ტურიზმი საზოგადოების მშპ-ის 45%-ზე მეტს შეადგენს.“

ცნობისთვის, ბალეარის კუნძულებისთვის 22 მუხლისგან შემდგარი 2020 წლის განკარგულება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მედიაში გავრცელდა ცნობები მაიორკასა და იბიცას ზოგიერთ ტურისტულ რაიონში არაცივილიზებული ქცევების შესახებ, რაც, მეტწილად, ალკოჰოლის მოხმარებას უკავშირდებოდა. ეს ქცევები კუნძულებიდან, ერთის მხრივ, მდიდარ ტურისტულ ოჯახებს აფრთხობდა, ხოლო, მეორეს მხრივ, ადგილობრივ მოსახლეობას დიდი დისკომფორტს უქმნიდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ