ავსტრიის ფოსტა სატვირთო ელექტრომობილებზე გადავიდა

ავსტრიის საფოსტო სამსახურის ავტოპარკი სატვირთო ელექტრომობილებით პირველად შეივსო. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს.

მედიის ცნობით, მათ დიზელზე მომუშავე ძველი ფურგონები ჩაანაცვლეს, რომ წელიწადში, დაახლოებით, 117 ტონა სითბური აირების გამონაბოლქვი დაზოგონ.

სატვირთო ელექტრომობილები ვენის აეროპორტსა და დახარისხების ცენტრს შორის საერთაშორისო გზავნილებს მოემსახურება. დახარისხების ცენტრში მათთვის სწრაფი დამუხტვის სადგურიც მოეწყო.

სატვირთო ელექტრომობილების გაჩენა ეკოლოგიური გადაზიდვების პრობლემას საშუალო დისტანციაზე აგვარებს, ხოლო მოკლე დისტანციაზე, მაგალითად, ქალაქებში მისაწოდებლად ავსტრიის ფოსტა უკვე 10 წელზე მეტია, ელექტრომობილებს იყენებს.

ცნობისთვის, აპრილიდან გერმანიის ეროვნულმა საფოსტო სამსახურმა ქვეყნის შიგნით წერილებისა და ამანათების თვითმფრინავით მიწოდება შეწყვიტა. მათივე მონაცემებით, ეს ერთ წერილზე გათვლით სითბური გაზების ემისიებს 80%-ით შეამცირებს. მანამდე საფოსტო გადაზიდვები ექვსი თვითმფრინავით სრულდებოდა, რომლითაც ყოველ ღამე, დაახლოებით, 1,5 მლნ წერილის მიწოდება ხდებოდა. ახალი გადაწყვეტილებით, წერილების და ამანათების ტრანსპორტირება ექსკლუზიურად საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით მოხდება, ხოლო საჰაერო გზით მხოლოდ საერთაშორისო წერილებისა და ამანათების გაგზავნა გაგრძელდება.

ასეთი ინიციატივები ევროკავშირს ამბიციური მიზნის მიღწევაში ეხმარება, რომელიც 2030 წლისთვის სითბური გაზების ემისიების 55%-მდე, ხოლო 2050 წლისთვის გამონაბოლქვის ნულამდე შემცირებას გულისხმობს, რათა გამონაბოლქვი ატმოსფეროში აღარ დაგროვდეს და ბუნებრივი გზით ხეების მიერ მთლიანად იქნეს შთანთქმული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ