მიხარია, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იცავს საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს “უცხოელი აგენტების” კანონზე ვეტოს დადების გზით, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი, ედრიენ უოტსონი სოციალურ ქსელში წეეს.
„მოვუწოდებთ პარლამენტის წევრებს, გამოიჩინონ იგივე გამბედაობა და არ გააუქმონ მისი ვეტო“, - აცხადებს ედრიენ უოტსონი.
შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
აღნიშნულ კანონს სალომე ზურაბიშვილმა 18 მაისს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანონი არ ექვემდებარება განხილვასა და ცვლილებას და უნდა გაუქმდეს. მმართველ პარტიას ვეტოს დაძლევისთვის ორი კვირა აქვს.
ცნობისთვის, არაერთი მოწოდება და განცხადება გაკეთდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება და ხელისუფლება დაძლევს ვეტოს, კანონის მიმღებ დეპუტატებსა და ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ.