აფბა: ოფიციალური ინფლაცია არ ასახავს საქართველოს ეკონომიკაში არსებულ რეალურ სურათს

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" (აფბა) პასუხობს ეროვნული ბანკის არგუმენტს, რომლის თანახმადაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკურ ზრდას შეანელებს.

აფბა-ში მიაჩნიათ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეკონომიკურ ზრდას არ შეანელებს და ეროვნული ბანკის ეს არგუმენტი საფუძველს მოკლებულია. აფბას ვიცე-პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის შეფასებით, ამ შემთხვევაში, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს ეკონომიკური მოდელი და სტრუქტურა.

,,მიღებული მოსაზრებაა, რომ ლარის დევალვაცია კარგია ექსპორტის კონკურენტუნარიანობისთვის, ვამბობთ, რომ კარგია მცურავი გაცვლითი კურსი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის გათვალისწინებული ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი - ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზაცია. სწორედ მაღალი დოლარიზაციის გამო, ლარის კურსის დაცემით ექსპორტის კონკურენტუნარიანობის ზრდა, მიზერია იმ ზარალთან შედარებით, რაც თუნდაც უცხოურ ვალუტაში სესხის მომსახურების გაძვირებით მიიღება. სწორედ მაღალი დოლარიზაციაა იმის მიზეზიც, რის გამოც ,,მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით ეკონომიკური ზრდის შეფერხების" პრინციპი საქართველოში არ მოქმედებს, უფრო სწორად, ნაკლებად მოქმედებს. რაც უფრო მაღალია დოლარიზაციის დონე, მით უფრო დაბალია მონეტარული პოლიტიკის ეფექტურობა, ანუ მისი გავლენა ეკონომიკურ პროცესებზე", - აცხადებს კაპანაძე.

მისივე თქმით, მართალია ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს არაერთხელ განუცხადებიათ იმის შესახებ, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ნეგატიურად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და უსაუბრიათ იმაზეც, რომ მონეტარული ინსტრუმენტებით ლარის გამყარება იქნება უფრო მეტად საზიანო, ვიდრე ლარის გაუფასურებაა, თუმცა, კაპანაძეს მიაჩნია, რომ ეს არ არის სწორად დასმული დილემა. ,,მონეტარული ინსტრუმენტებით ლარის გამყარება შეიძლება და თან ისე, რომ ამან ეკონომიკურ ზრდაზე ნეგატიური ასახვა არ ჰპოვოს. პირველი რიგში იმიტომ, რომ მაღალი დოლარიზაციის გამო ეს გამკაცრება ისედაც უმნიშვნელოდ აისახება ეკონომიკურ ზრდაზე, და მეორეც, თუნდაც ერთი კონკრეტული ბიზნესისთვის, დოლარში აღებული სესხის მომსახურების სიმძიმის შემსუბუქება გაცილებით დადებითად აისახება მასზე, მის ეკონომიკურ აქტივობაზე და ერთობლიობაში ეკონომიკურ ზრდაზე", - ამბობს აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი.

კაპანაძემ, ასევე შეაფასა ინფლაციის მაჩვენებლის ადეკვატურობა ბოლო 3-4 წლის განმავლობაში საქართველოში. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში ინფლაცია 2-3%-ის ფარგლებში მერყეობს და თან ეს ხდება 2011 წლის მაისში თითქმის 15%-იანი ინფლაციის შემდეგ.  ,,რა მოხდა 2011 წელს? ორნიშნა ინფლაციის მოსათოკად ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული პოლიტიკის პარალელურად, მოხდა სამომხმარებლო ფასების დათვლის მეთოდოლოგიის ცვლილება. რაც ალბათ რეალობის შესანიღბად და ინფლაციის მაჩვენებლის შესამცირებლად გაკეთდა. კერძოდ, სამომხმარებლო კალათაში სურსათის წილი შემცირდა 40%-დან 30%-მდე, შემცირდა აგრეთვე ჯანმრთელობის დაცვის, საცხოვრებელი სახლის, წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის წილი, ხოლო გაიზარდა ალკოჰოლური სასმელების, დასვენების და გართობის წილი. გარდა ამისა, შეიცვალა იმ ძირითადი 5 ქალაქის წონა მთლიან მაჩვენებელში, სადაც ხდება სწორედ ფასების შესწავლა. კერძოდ, თბილისის წილი შემცირდა 61.6%-დან 54.8%-მდე, ქუთაისის 18.2%-დან 17.8%-მდე, უმნიშვნელოდ გაიზარდა ბათუმის წილი 9.3%-დან 11.0%-მდე, ასევე გაიზარდა გორის წილი 6.4%-დან 7.2%-მდე, ხოლო თელავის წონა მთლიან მაჩვენებელში 4.5%-დან 9.2%-მდე გაიზარდა. ანუ სამომხმარებლო ფასების დათვლის მეთოდოლოგია შეიცვალა იმგვარად, თითქოს ქვეყანაში ცხოვრების დონე გაზრდილიყო და საქართველოს საშუალო სტატისტიკური მოქალაქის ხარჯები გაზრდილიყო ფუფუნებაზე და შემცირებულიყო კვებაზე", - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

"ახალგაზრდა ფინანსისტებს" მიაჩნიათ, რომ მონეტარული პოლიტიკის არგამკაცრების არგუმენტად დაბალი ინფლაციის მოყვანა, შეიძლება მცდარიც კი აღმოჩნდეს და რეალური ფასების ზრდა შორს იყოს ოფიციალური მაჩვენებლისგან.