„კაპიტალის ბაზარი არ გვაქვს - კაპიტალის 70-90% სახელმწიფო საკუთრებაშია, გაჩერებულია და ეკონომიკაში არ არის ჩართული“

„პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ ისაუბრა ეკონომიკის დამცავ ბალიშებზე. მისი თქმით, დამცავი ბალიშები ქვეყანაში უნდა მოჰქონდეს კაპიტალის ბაზარს, საქართველოს კი კაპიტალის ბაზარი, ფაქტობრივად, არ აქვს.

როგორც მაკალათიამ აღნიშნა, დღეს ეკონომიკაში ყველაზე მეტად განვითარებული გვაქვს საფინანსო სექტორი. საფინანსო სექტორთან დაკავშირებით როცა ვსაუბრობთ უმნიშვნელოვანესია ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რაც ეკონომიკის დოქტორის თქმით, არ გვაქვს.

„ბალიშს რაც შეეხება, როდესაც ჩვენ საფინანსო სექტორზე ვსაუბრობთ, ჯერ ეს ერთი, ეკონომიკაში ყველაზე მეტად განვითარებული გვაქვს საფინანსო სექტორი და ეს ძირითადად ბანკებზე მოდის. მოგვწონს თუ არა, ეს ცალკე განსახილველი საკითხია, მაგრამ განვითარების დონე რამდენჯერმე უსწრებს სხვა დარგებს. მეორე, არის ის, რომ საფინანსო სექტორს რომ ავიღებთ, ფასიანი ქაღალდებია ბაზარი ქვეყანაში არ გვაქვს. კაპიტალის ბაზარი არ გვაქვს, მთლიანად საფინანსო სექტორში მონოპოლია უჭირავთ ბანკებს და ამ მონოპოლიურ სისტემაში კიდევ ორი ბანკია, რომელსაც კიდევ უფრო დიდი ხვედრითი წილი უჭირავს და ამ პირობებში საფინანსო სექტორს არ აქვს მდგრადობა. ბალიშში რასაც ვსაუბრობთ, რომ დამცავი იყოს ეკონომიკური კრიზისის დროს, ეს დამცავი კაპიტალის ბაზარს უნდა მოჰქონდეს და ამ თემაზე ხშირად გვისაუბრია“, - განაცხადა მაკალათიამ.

კითხვაზე, ე.წ. ოფშორებიდან გადასახადების გარეშე აქტივების საქართველოში გადმოტანა შეიძლება თუ არა რომ იყოს დამცავი ბალიში, მაკალათია პასუხობს, რომ ეს დამცავია მთავრობისა და ეროვნული ბანკისთვის, მაგრამ არა კერძო სექტორისთვის. მისივე თქმით, კერძოს სექტორს კრიზისებთან გასამკლავებლად კაპიტალის ბაზარს სჭირდება. ეს კი მაშინ, როცა საქართველოს კაპიტალის 70-90% სახელმწიფო საკუთრებაშია და გაჩერებულია.

„ეს მთავრობის და ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებების ბალიშია. კერძო სექტორმა როგორ გაუძლოს კრიზისს და რა ავტომატური ბალიში იქნება საჭირო, ამისთვის კაპიტალის ბაზარი უნდა იყოს განვითარებული. ვსაუბრობთ კაპიტალის ბაზარი არ გვაქვსო, კაპიტალის ბაზარი როგორ გვექნება როცა კაპიტალი არ გვაქვს. ეკონომიკური კაპიტალის 70-90% სახელმწიფო საკუთრებაშია, გაჩერებულია და ეკონომიკაში არ არის ჩართული. კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე საერთოდ როგორ უნდა ვისაუბროთ. მხოლოდ 3 კომპანია არის ლონდონის ბირჟაზე გასული და ამ სამიდან ორი ბანკია, რეალურად რა სიტუაციას ვხვდებით - ჩვენს საფონდო ბირჟას რომ შევხედოთ და ვაჭრობას, ნულოვანი ვაჭრობებია, დღე ისე გადის რომ ნულოვანია ვაჭრობა და უბნის მარკეტს უფრო დიდი ბრუნვა აქვს ვიდრე ჩვენს ბირჟას. ეს ასახავს იმას, რა ეკონომიკური ვითარებაცაა ქვეყანაში, შესაბამისად, კერძო სექტორს ამ მხრივ არ აქვს ბალიშები ეკონომიკური კუთხით. რაც შეეხება სახელმწიფოს ჩართულობას და დამცავ ბალიშებს, ეროვნულ ბანკს ეს ცხადია გააჩნია და დაკავშირებულია რეზერვებთან და ინტერვენციებთან, ეს შეუძლია, გამოიყენოს სავალუტო ბაზარზე, გაყიდოს და კურსის გამყარებაში შეიტანოს თავისი წვლილი“, - აღნიშნა მაკალათიამ.

მერი ტაბატაძე