ევროკავშირის სკოლებში ფინანსური წიგნიერების გაკვეთილები დაინერგება

ევროპულმა საბჭომ სკოლის მოსწავლეებისთვის პირველი კლასიდან ფინანსური წიგნიერების გაკვეთილების დანერგვაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია გაუწია. ინფორმაციას „ევროპულსი” ავრცელებს.

ჩინოვნიკების განცხადებით, ეს გაკვეთილები ბავშვებს სამომავლოდ ზრდასრულ ასაკში ცხოვრებისთვის უკეთ მომზადებაში დაეხმარება.

გაკვეთილების განმავლობაში მოსწავლეები როლური თამაშებით ფულის მართვის როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ ასპექტებს შეისწავლიან. მოელიან, რომ ფინანსური წიგნიერების გაკვეთილები ბოლო კლასამდე ყველა კლასის სასწავლო პროგრამაში შევა.

ევროპულმა საბჭომ, ასევე, რეკომენდაცია გაუწია წევრ ქვეყნებს, რომ მსგავსი მასტერ-კლასი უფროსი თაობისთვისაც რეგულარულად გამართონ. ეს ხანდაზმულ ადამიანებს თავიანთი ფულის უკეთ განკარგვაში დაეხმარება, ასევე, თაღლითებისგან დაიცავს მათ, ვისაც ეს საფრთხე ყველაზე მეტად ემუქრება.

ცნობისთვის, „ევრობარომეტრის” მონაცემებით, ფინანსური განათლების მაღალი დონე ევროკავშირის მოქალაქეების 18%-ს, 64%-ს - საშუალო, ხოლო 18%-ს დაბალი დონე აქვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ