რომელია ევროპის ყველაზე სურნელოვანი ქალაქი - HAYPP-ის რეიტინგი

ათენი ევროპაში ყველაზე სურნელოვანი ქალაქი აღმოჩნდა. რეიტინგი ბრიტანულმა კომპანია HAYPP-მა შეადგინა, რასაც “ევროპულსი” ავრცელებს.

საბერძნეთის დედაქალაქში სურნელებმა 10-ბალიანი შკალით 8,3 ქულა მიიღო.

რეიტინგის შესადგენად ექსპერტებმა ევროპის 30 დიდი ქალაქი ისეთი პარამეტრების მიხედვით შეაფასეს, როგორიც არის ქუჩების სისუფთავე, ასევე, საცხობების, ყვავილების მაღაზიებისა და პარფიუმერიის ბუტიკების რაოდენობა.

ათენში ყოველ 10 კვადრატულ კილომეტრზე ყვავილების 31 მაღაზია, არომატული პარფიუმერიის 22 ბუტიკი და 31 საცხობი აღმოჩნდა, სადაც გემრიელად სურნელოვან ფახლავას ყიდიან. ამასთან, საბერძნეთის დედაქალაქს 2022 წელს ეკოლოგიური ეფექტურობის ინდექსში (EPI) 56,2 ქულა აქვს მინიჭებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქი ქუჩების უფრო მეტი სისუფთავისა და გამწვანებისთვის აქტიურად მუშაობს.

რეიტინგში მეორე ადგილზე პარიზია, რომელსაც, მართალია, EPI-ის 62,5 ქულა აქვს მიღებული, თუმცა საფრანგეთის დედაქალაქში ნაკლები საცხობი, ყვავილების მაღაზია და პარფიუმერიის ბუტიკია. თითოეული მათგანის რაოდენობა ყოველ 10 კვადრატულ კილომეტრზე, საშუალოდ, 11-ია.

მესამე ადგილი შვეიცარიის ციურიხმა დაიკავა. ქალაქის ყოველ 10 კვადრატულ კილომეტრზე სათითაოდ 12 საცხობი და ყვავილების მაღაზია არის გახსნილი. თუმცა სხვა ლიდერებთან შედარებით, ციურიხში ნაკლები პარფიუმერიის მაღაზიაა, რომლის რაოდენობაც აღნიშნულ ფართობზე მხოლოდ 9-ს შეადგენს. EPI ციურიხის სისუფთავეს 66 ქულით აფასებს.

ევროპის ყველაზე სურნელოვანი ქალაქების ტოპ 10-ეულია:

  • ათენი, საბერძნეთი
  • პარიზი, საფრანგეთი
  • ციურიხი, შვეიცარია
  • დუბლინი, ირლანდია
  • ლუქსემბურგი, ლუქსემბურგი
  • ნიქოზია, კვიპროსი
  • კოპენჰაგენი, დანია
  • ბუქარესტი, რუმინეთი
  • ვალეტა, მალტა
  • ამსტერდამი, ნიდერლანდები

მოამზადა ლადო სულაბერიძემ