BBC - სასწორზე საქართველოს მომავალი გზაა - გააგრძელებს ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა ნატო-სა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ სვლას?

საქართველოს უჭირს. წლების განმავლობაში გარკვეული სიმშვიდის შემდეგ, ეს პატარა, განსაცვიფრებლად ლამაზი ქვეყანა, გზაგასაყარის წინაშე დგას და რისკის წინაშე, რომ შეიძლება უკან, პოლიტიკურ არასტაბილურობამდე ან თუნდაც ისეთი ქაოსისკენ დაბრუნდეს, რომელმაც დააზიანა მისი პოსტსაბჭოთა დამოუკიდებლობის პირველი ათწლეული, - ამის შესახებ BBC-ის სტატიაშია აღნიშნული, სადაც ავტორი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

„სასწორზე საქართველოს მომავალი გზაა. გააგრძელებს თუ არა ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა, თავისი პორტებითა და მილსადენებით, ბალტიის ქვეყნების კვალდაკვალ ნატო-სა და ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობისკენ სვლას? თუ პოლიტიკური არეულობა, გაყალბებული არჩევნები და რუსეთის დამალული ხელი დააბრუნებს საქართველოს მოსკოვის ავტორიტარულ ორბიტაზე, ბელარუსის მსგავსად?“- აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი წერს, რომ სტიმულის მიმცემ მოვლენებს ორი ძირითადი ფაქტორი წარმოადგენს: რუსეთის შეჭრა უკრაინაში და ანტიდასავლური, პოპულისტური და ნაციონალისტური რიტორიკა, რომელიც ასე ეფექტური და პოლიტიკურად პოლარიზებული აღმოჩნდა აღმოსავლეთ ევროპის ნაწილებში და მის ფარგლებს გარეთ.

ამასთან, სტატიაში ხაზგასმულია ქართველი ახალგაზრდების როლი მიმდინარე მოვლენებში.

„საქართველოს ახალგაზრდობამ ახალი იმპულსი მისცა ოპოზიციურ პარტიებს საკამათო კანონის წინააღმდეგ პროტესტში“, - აღნიშნულია სტატიაში.

„საქართველოს ბრძოლების უკან - დღესაც, როგორც ხშირად წარსულში - კრემლი მოჩანს. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე გამოაცხადა თავისი ამბიცია ძველი საბჭოთა კავშირის გარკვეული ვერსიის აღდგენის შესახებ. უწევს თუ არა პრეზიდენტი პუტინი ახლა ორგანიზებას თბილისში მიმდინარე მოვლენებს, რათა ხელი შეუშალოს ქვეყნის გზას ევროინტეგრაციისკენ, თუ ის მხოლოდ სარგებელს იღებს არსებული არასტაბილურობით? დაბნეულობა სურათში შემოდის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახით, მილიარდერი ოლიგარქი, რომელიც, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ბევრ პოლიტიკურ სიმს ჰკრავს ხელს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის როლში. ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ დაიწყო ისეთი ანტიდასავლური რიტორიკის გამოხმაურება, რომელიც მოსკოვშია შემუშავებული და უნგრეთის პრეზიდენტ ვიქტორ ორბანისა და სხვების მიერ მიღებული. გასულ თვეში მან განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები "ომის გლობალურ პარტიას" ეკუთვნიან, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, - აღნიშნულია სტატიაში.

ავტორი სვამს კითხვას: „რა იქნება შემდეგში?“ და პასუხობს, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, გააგრძელებენ თუ არა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურები სასტიკ დარბევას, მაგრამ ასევე იმაზე, თუ რამდენად შეუძლია სხვადასხვა ოპოზიციას ქუჩაში იმპულსის შენარჩუნება.

„დიპლომატიურმა ზეწოლამ და მთავრობის მიერ „უცხოური აგენტების“ კანონთან დაკავშირებით სამომავლო დათმობებმა, შეიძლება, საქართველო ღრმა კრიზისისაგან იხსნას, სულ მცირე, მოკლევადიან პერიოდში. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჰაერის გასუფთავებას. მაგრამ ისევე, როგორც რუსეთის მიჯნაზე მყოფ მრავალ ქვეყანას, საქართველოსაც სულ უფრო უჭირს დემოკრატიული მომავლისკენ სტაბილური გზის სქემის შედგენა“, - ვკითხულობთ სტატიაში.