გვალვისგან დაზარალებული ფერმერების საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, იმ ფერმერების საკითხს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან მიწაზე ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვენ, შესაბამისი უწყებები შეისწავლიან.

საქმე ეხება რამდენიმე ფერმერს, რომლებიც 2014 წელს კახეთში გვალვის შედეგად დაზარალდნენ და ამ მიზეზით ქონების გადასახადი ვერ გადაიხადეს.  პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფერმერებმა დახმარებისთვის პრემიერ-მინისტრს გუშინ მიმართეს. მთავრობის მეთაურის დავალების საფუძველზე, აღნიშნული საკითხის შესწავლაში, უკვე ჩაერთო მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

მიწის გადასახადის გადაუხდელობის გამო კახეთში მომუშავე ფერმერებს ქონებას უყიდიან. შესაბამისი გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის სარჩელის საფუძველზე, სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გუშინ მიიღო.

როგორც დაზარალებული ფერმერები აცხადებენ, 2014 წელს გვალვით დაზარალდნენ და მიწის გადასახადის გადახდა ვერ შეძლეს. ფერმერების განცხადებით, მთავრობამ არ გაითვალისწინა დაზარალებულების თხოვნა და რამდენიმე რაიონი სტიქიური უბედურების ზონად არ გამოაცხადა. ფერმერების ნაწილს ანგარიშებზე ინკასო აქვს დადებული, უძრავ-მოძრავი ქონება კი დაყადაღებულია და მისი გაყიდვა იწყება.

ფერმერები დახმარებას პრემიერ-მინისტრისგან ითხოვენ. ისინი სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციოში გაასაჩივრებენ.