ბაიბა ბრაჟე - ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვლიმა ვეტო დაადო კანონს, რომელმაც დიდი პროტესტი გამოიწვია საქართველოში და აშკარა საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ლატვია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, გაიწვიონ კანონი და გადახედონ მიდგომას“, - აცხადებს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

შეგახსენებთ, „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებებისა და მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად, 14 მაისს მესამე მოსმენით დაამტკიცა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.

აღნიშნულ კანონს სალომე ზურაბიშვილმა 18 მაისს ვეტო დაადო. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კანონი არ ექვემდებარება განხილვასა და ცვლილებას და უნდა გაუქმდეს. მმართველ პარტიას ვეტოს დაძლევისთვის ორი კვირა აქვს.

ცნობისთვის, არაერთი მოწოდება და განცხადება გაკეთდა საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონი არსებული ფორმით დარჩება და ხელისუფლება დაძლევს ვეტოს, კანონის მიმღებ დეპუტატებსა და ბიძინა ივანიშვილს შესაძლოა, სანქციები დაუწესდეთ.