“ევრო 2024-ზე” ფეხბურთელი მსაჯს საკამათოდ ვეღარ მიუახლოვდება

“ევრო 2024”-ის ფეხბურთის ჩემპიონატის მსაჯები თამაშის დროს გადაწყვეტილებებს მხოლოდ გუნდის კაპიტნებს შეატყობინებენ, ხოლო ამ გადაწყვეტილებების მსაჯებთან განხილვას მხოლოდ გუნდის კაპიტნები შეძლებენ.

ნებისმიერი სხვა მოთამაშე, რომელიც ამ წესს უგულებელყოფს და საკამათოდ მსაჯს მიუახლოვდება, ყვითელ ბარათს მიიღებს.

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის, ანუ UEFA-ს ეს ინიციატივა მსაჯებზე ზეწოლას შეამცირებს და მათ საშუალებას მისცემს, მშვიდად გააცნონ თავიანთი გადაწყვეტილებები გუნდებს.

იმ შემთხვევაში, თუ კაპიტანი მეკარეა, გუნდს შეუძლია, მსაჯთან მოსალაპარაკებლად სხვა მოთამაშე აირჩიოს, რომ მეკარეს მოედნის მეორე ნახევარზე სირბილი არ მოუწიოს.

UEFA-ს მონაცემებით, მსაჯი თამაშის დროს, საშუალოდ, 200-250 გადაწყვეტილებას იღებს.

“ევრო 2024” გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ამასთან დაკავშირებით ქვეყანამ 11 ევროს ნომინალით სპეციალური მონეტაც გამოუშვა. მატჩები ათი ქალაქის არენაზე გაიმართება. ეს არის ბერლინი, დორტმუნდი, მიუნხენი, კიოლნი, შტუტგარტი, ჰამბურგი, ლაიფციგი, ფრანკფურტი, გელზენკირხენი და დიუსელდორფი.

Forbes Sport-მა “ევრო 2024” ყველაზე ეკონომიური ევროპის ჩემპიონატად მონათლა, რადგან მასპინძელი ქვეყანა ზაფხულისთვის არცერთ ახალ სტადიონს, აეროპორტს, ფართომასშტაბიან სატრანსპორტო კვანძსა თუ ავტობანს არ ააშენებს. მიზეზი ის არის, რომ მომავალი ტურნირი ქვეყნისთვის 21-ე საუკუნეში მეორე მსხვილი საშინაო შეჯიბრია.

კერძოდ, გერმანელებმა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლეს და სხვა 9 ქვეყანასთან ერთად ისინი “ევრო 2020-ის” ორგანიზებაშიც მონაწილეობდნენ. სწორედ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატმა ჩაუყარა საფუძველი ქვეყნის ინფრასტრუქტურას, რომელსაც გერმანია მომავალი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის გამოიყენებს.

გერმანელებმა გულშემატკივრების განსათავსებელი ობიექტების ფართომასშტაბიან მშენებლობაზეც თქვეს უარი, რომლებიც ქვეყანას ზაფხულში უნდა ესტუმრონ. ჩემპიონატისთვის არცერთ ქალაქში არ გახსნილა ახალი აეროპორტი ან მატარებლის სადგური და მზადება მხოლოდ არსებული ინფრასტრუქტურის კოსმეტიკური გაუმჯობესებით შემოიფარგლებოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ