ბაზარზე „ჩირიფრუტის“ შოკოლადის ხინკალი გამოჩნდა - რა ღირს პროდუქცია

ქართულ ბაზარზე „ჩირიფრუტის“ ახალი პროდუქცია, შოკოლადი ხინკალი გამოჩნდა. კომპანიამ შოკოლადის ხინკალი ბაზარზე დაახლოებით ერთი თვის წინ ჩაუშვა. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ „ჩირიფრუტის“ დირექტორი სოფიო ჯიქია უყვება, პროდუქციამ მომხმარებელთა დაინტერესება გამოიწვია და მოთხოვნაც დიდია.

ჯიქიას განმარტებით, აქვთ მოლოდინი, რომ სამომავლოდ შოკოლადის ხინკალზე მოთხოვნა მზარდი იქნება.

„დაახლოებით 1 თვეა ჩავუშვით შოკოლადის ხინკალი ბაზარზე. კარგი გამოხმაურება ჰქონდა. სასაჩუქრედაც ძალიან კარგია - როცა საჩუქარი მიგაქვს, გინდა რაღაც განსხვავებული აჩუქო და ამ მხრივ საინტერესო პროდუქცია გამოვიდა. საკმაოდ კარგად იყიდება და გვინდა, რომ უფრო მეტად მოვიცვათ ბაზარი და იმედი გვაქვს ასე იქნება. მოთხოვნა დამოკიდებულია ჩვენზე და მომხმარებელზეც. მომხმარებელი კარგად შეხვდა, მაგრამ რაღაც პერიოდი უნდა, რომ ცნობადობაც გაიზარდოს ამ პროდუქტის. დაახლოებით 18.5 ლარი ღირს ჩვენს დახლებზე

კომპანიის მიმართ სანდოობა დღითიდღე იზრდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რაც უფრო დიდი სანდოობა, მით უფრო იზრდება გაყიდვები. მომხმარებლებმა შეიყვარეს „ჩირიფრუტი“ და მოლოდინი აქვთ იმის, რომ მაღალი ხარისხის ჯანსაღ პროდუქციას შევთავაზებთ და ამ პირობას ვასრულებთ“, - განაცხადა სოფიო ჯიქიამ.

ცნობისთვის, კომპანია „ჩირიფრუტი“ ათ წელზე მეტია ბაზარზე ოპერირებს. ამ დრომდე მომხმარებლებს პროდუქციის 80-მდე სახეობას სთავაზობენ, მათ შორის, ჩირი, ტკბილეული, შოკოლადი, ჩურჩხელები, ტყლაპები და ა.შ.

კომპანიამ გასულ წელს ნატახტარში საწარმო შეიძინა და გეგმას სამომავლოდ წარმოების ნაწილის გადატანასა და საქმიანობის გაფართოებას. მათ შორის, როგორც სოფიო ჯიქია გვიყვება, მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ „ჩირიფრუტი“ ექსპორტზე გავიდეს როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ქვეყნებში.

მერი ტაბატაძე