Reuters-ის წყარო - ირანის პრეზიდენტსა და საგარეო მინისტრს საფრთხე ემუქრებათ - ინფორმაცია, რომელიც კატასტროფის ადგილიდან მოდის, ძალიან შემაშფოთებელია

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის საზღვრიდან დაბრუნებისას, მთის რელიეფის გადაკვეთის დროს ჩამოვარდა, - ამის შესახებ ირანელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ საფრთხე ემუქრებათ.

”ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც მოდის კატასტროფის ადგილიდან, ძალიან შემაშფოთებელია”, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.