„ჩირიფრუტი“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს

„ჩირიფრუტი“ ექსპორტზე გასვლას გეგმავს, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ქართული ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიის დირექტორმა სოფიო ჯიქიამ განუცხადა.

როგორც კომპანიაში განგვიმარტეს, აპირებენ პროდუქცია გაიტანონ როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ქვეყნებში.

„საექსპორტო მიმართულებითაც ვმუშაობთ ახლა და იმედი გვაქვს, რომ მალე გავართმევთ თავს. როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის ქვეყნები საინტერესო ბაზარია ჩვენთვის და უნდა ვიმუშაოთ ამ ბაზრებზე და შეთავაზება გავაკეთოთ“, - აღნიშნა სოფიო ჯიქიამ.

გარდა ამისა, გასულ წელს „ჩირიფრუტმა“ ნატახტარში საწარმო შეიძინა და აპირებს წარმოების ნაწილის გადატანას, ასორტიმენტის გაფართოებასა და ტკბილეულის ახალი ხაზის დამატებას.

„გასულ წელს საწარმოო ფართი შევიძინეთ ნატახტარში და ვგეგმავთ, რომ ეტაპობრივად სარემონტო სამუშაოები ჩავატაროთ და ტკბილეულობის ახალი ხაზი გავაკეთოთ. ვემზადებით ამ სიახლისთვის“, - განაცხადა სოფიო ჯიქიამ.

ცნობისთვის, კომპანია „ჩირიფრუტი“ ათ წელზე მეტია ბაზარზე ოპერირებს. ამ დრომდე მომხმარებლებს პროდუქციის 80-მდე სახეობას სთავაზობენ, მათ შორის, ჩირი, ტკბილეული, შოკოლადი, ჩურჩხელები, ტყლაპი და ა.შ.

იხილეთ ასევე: ბაზარზე „ჩირიფრუტის“ შოკოლადის ხინკალი გამოჩნდა - რა ღირს პროდუქცია

მერი ტაბატაძე