რუსეთის კრიზისის გამო ყურძენი მკვეთრად გაიაფდება

კომპანია "თბილღვინო", რომელიც საქართველოში ღვინის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია, წელს ფერმერებისგან შარშანდელთან შედარებით გაცილებით მცირე რაოდენობის ყურძენს ჩაიბარებს.

"რუსეთში კრიზისისა და ექსპორტის მკვეთრი შემცირების გამო, როგორც ქართული ღვინის მთელ ინდუსტრიას, ასევე ჩვენც საკმაოდ დიდი მარაგები დაგვრჩა, შესაბამისად, წელს რთველზე შესყიდვებს სერიოზულად შევამცირებთ, მაშინ როცა შარშან 6500 ტონა ხილი გადავამუშავეთ", - განუცხადა bpn.ge-ს კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, რუბლის დევალვაციის გამო "თბილღვინოს" რეალიზაცია 18%-ით შეუმცირდა, რუსეთს კი მთლიან ექსპორტში 25% ეკავა.

"ღვინოს 29 ქვეყანაში ვყიდით, ამიტომ ჩვენი ჩამორჩენა ისეთი შესამჩნევი არ არის, სხვა კომპანიებს გაცილებით ცუდი მაჩვენებლები აქვთ. ექსპორტი საქართველოდან ერთიანობაში 54%-ით შემცირდა. ამის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ყურძენს იმავე რაოდენობით ქარხნები ვეღარ ჩაიბარებენ და ფასებიც დაეცემა", - აღნიშნა ბიზნესმენმა.

გიორგი მარგველაშვილის ვარაუდით, ყურძნის ღირებულება რუსეთის მიერ ემბარგოს მოხსნამდე არსებულ ფასებს გაუტოლდება, თუმცა, ღვინოს გაიაფებას გამორიცხავს. "შარშან ყურძენზე სარეკორდო ფასი დაფიქსირდა, კომპანიებმა კი ღვინის ღირებულება ადეკვატურად ვერ გაზარდეს და საკუთარი მოგების მარჟების შემცირება მოუწიათ. უფრო მეტიც, ბევრს კრიზისის გამო რეალიზაცია შეუმცირდა და იძულებული გახდა, პროდუქცია კიდევ უფრო გაეიაფებინა", - აღნიშნა მარგველაშვილმა.

ბელა ნოზაძე