თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ახალი აეროპორტის აშენება ვაზიანის სამხედრო ბაზის ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვაზიანში ახალი აეროპორტის მშენებლობა ვაზიანის სამხედრო ბაზის ფუნქციონირებას გამოწვევებს არ შეუქმნის.

როგორც უწყებამ „ინტერპრესნიუსის“ მიერ გაგზავნილი კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, შესწავლის შედეგად, არ გამოკვეთილა ვაზიანის ტერიტორიაზე სასწავლო პოლიგონის ფუნქციონირების, მათ შორის, საერთაშორისო სწავლებების ხელისშემშლელი გარემოება.

უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული საკითხი შესაბამისი კომპეტენტური ჯგუფების მონაწილეობით, შიდაუწყებრივ დონეზე იქნა შესწავლილი.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო პირველი დღიდან ჩართულია ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებულ განხილვებში. შესაბამისი კომპეტენტური ჯგუფების მონაწილეობით, საკითხი შესწავლილ იქნა შიდაუწყებრივ დონეზე, რის შედეგადაც არ გამოკვეთილა ვაზიანის ტერიტორიაზე სასწავლო პოლიგონის ფუნქციონირების, მათ შორის, საერთაშორისო სწავლებების ხელისშემშლელი გარემოება.

აქვე აღსანიშნავია, რომ ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი სამოქალაქო აეროპორტის მშენებლობის საკითხი განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე, თავდაცვის სამინისტროს მონაწილეობით,“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.