მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სერვის ცენტრი 15 ივნისს გაიხსნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სერვის ცენტრი 15 ივნისს გაიხსნება. სერვის ცენტრის გახსნის ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი დაესწრება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მიერ ინიცირებულ ექსპორტის მენეჯერთა სასერთიფიკაციო პროექტის კურსდამთავრებულებს სერთიფიკატებით დააჯილდოებს. ხსენებული კურსი 2015 წლის 20 აპრილიდან 22 მაისამდე პერიოდს მოიცავდა და 15 ექსპორტიორი კომპანიის 22 თანამშრომელმა წარმატებით გაიარა.

მეწარმეობის განვითარების სააგენტოს სერვის ცენტრის მთავარი ამოცანაა სამთავრობო ინიციატივის ფარგლებში "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მათთვის საინტერესო კითხვებზე. ასევე, ხელმისაწვდომი გახადოს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, სსიპ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოსა და სსიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით დაინტერესებულ პირთა სრული ინფორმაციით უზრუნველყოფა.