თეირანის საფონდო ბირჟამ პრეზიდენტის დაღუპვის გამო მუშაობა შეაჩერა

ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის გარდაცვალების შემდეგ თეირანის საფონდო ბირჟამ ოპერაციები „შემდეგ შეტყობინებამდე“ შეაჩერა. ამის შესახებ ბირჟის დირექტორთა საბჭოს წევრმა განაცხადა, რასაც სააგენტო Tasnim ავრცელებს.

ირანის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია დღეს დილით გავრცელდა. Tasnim-ის ცნობით, ჩამოვარდნილ ვერტმფრენზე ებრაჰიმ რაისთან ერთად კიდევ შვიდი ადამიანი იმყოფებოდა. დაღუპულთა შორის არიან ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი, ირანის პროვინცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის გუბერნატორი მალიქ რაჰმათი და აიათოლა მუჰამედ ალი ალე-ჰაშემი.

ირანის ახალი პრეზიდენტის არჩევნებამდე, რომელიც ქვეყნის კონსტიტუციის 131-ე მუხლის თანახმად, 50 დღის ვადაში უნდა ჩატარდეს, სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობას ირანის პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს. ამ თანამდებობას 2021 წლიდან მოჰამედ მოხბერი იკავებს.

ვერტმფრენი, რომელსაც ირანის პრეზიდენტი გადაჰყავდა, 19 მაისის შუადღისას აზერბაიჯანთან მოსაზღვრე ქალაქ ჯულფასთან “მძიმედ დაეშვა,” რაც პირველად Reuters-მა და Associated Press-მა ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით გაავრცელეს. მოგვიანებით ინფორმაცია ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ აჰმად ვაჰიდიმ დაადასტურა.

ავიაკატასტროფამდე რაისი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა. ისინი მდინარე არაქსზე კაშხლის საზეიმო გახსნას ესწრებოდნენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ