„ეს ერთი დღე იყო მოდელირებული მაგალითი - მომხმარებელი ფიქრობს, რომ აღარ არის რაღაცის შეძენის დრო“

„ასეთ დროს მომხმარებელი ყოვნდება და ფიქრობს, რომ დღეს აღარ არის რაღაცის შეძენის დრო. თუნდაც ერთი დღე, სადღაც ტრანზაქციის შეფერხება ეკონომიკურ პროცესებს სერიოზულ ზიანს აყენებს. ეს არ უნდა გაგრძელდეს“,- ამის შესახებ „ემ ქეი დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელმა მალხაზ კუნელაურმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც პარლამენტმა „უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით მიიღო, ფაქტობრივად ერთ დღეში დაიდო მოდელირებული მაგალითი, თუ რა შეიძლება მოხდეს გრძელვადიან პერსპექტივაში და ეს როგორ აისახება ბიზნესზე.

როგორც მალხაზ კუნელაური ამბობს, ლარის ამგვარი რყევა, არა მხოლოდ ბიზნესს, არამედ, მომხმარებელსაც აყოვნებს და სამშენებლო მასალის თუ უძრავი ქონების შეძენისგან თავის შეკავებას ცდილობს.

„მაშინ, როდესაც ლარის გაუფასურება ასე სწრაფად ხდება, ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად ცუდად ისახება როგორც სამშენებლო სექტორზე, ისე ეკონომიკის ნებისმიერ მიმართულებაზე. კანონის მესამე მოსმენით მიღებიდან მეორე დღესვე, როგორც კი ლონდონის ბირჟაზე დაეცა აქციების ფასი, ლარი 20 თეთრზე მეტით გაუფასურდა გარეთ ბაზარზე და მათ შორის, გასაყიდი კურსიც ასეთი იყო ბანკებში. ეს არის ლარის ძალიან დიდი რყევა, რაც ეკონომიკურ პროცესებში გაუგებრობას და ერთგვარ შოკურ სიტუაციას ქმნის. იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანაში კლიენტებს, ვინც რამე პროდუქციის შეძენითაა დაინტერესებული, მათ შორის, უძრავი ქონებით, ყველას შემოსავალი აქვს ლარში, ვალდებულება აქვს დოლარში. მაინც დოლარის ეკვივალენტით იყიდება ყველგან ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ ლარიზაცია მოახდინეს, ეს თემა ესე არ გამოდის, ჩვენ ვართ მსოფლიო ეკონომიკის ნაწილი, ჩვენთან დამოუკიდებელი წარმოება, მაგალითად, სამშენებლო მასალების, ძალიან ნაკლებია, ისიც, რაც იწარმოება, თუნდაც რკინა- არმატურა, დოლარის ეკვივალენტით იყიდება, შესაბამისად, მომხმარებელიც გათვლას აკეთებს დოლარში გადახდაზე. ასეთ დროს, მომხმარებელი ყოვნდება და ფიქრობს, რომ დღეს აღარ არის რაღაცის შეძენის დრო. თუნდაც ერთი დღე, სადღაც ტრანზაქციის შეფერხება ეკონომიკურ პროცესებს სერიოზულ ზიანს აყენებს. ეს არ უნდა გაგრძელდეს.

1 და 2 დღის მაგალითზე უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი ტიპის მიდგომა გრძელვადიან პერსპექტივაში დამღუპველი იქნება ეკონომიკისთვის. ასეთ სწრაფი გაუფასურება და ბაზარზე პანიკები, უკვე საკმარისზე მეტი ზიანია და ამის გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელება წარმოუდგენელი იქნება.

იმას ვისაც დღეს ჰქონდა სამშენებლო მასალა შესაძენი, მაგალითად, არმატურა, თუ ღირდა 800 დოლარამდე, ფასი იგივე დარჩა, მაგრამ შენს მიერ გადასახდელი ლარის რაოდენობა გაიზარდა. გარდა ამისა, ძირითადი საწარმოო მასალები, რითაც მშენებლობას ახორციელებს ბიზნესი, მაინც საზღვარგარეთ იწარმოება და ისინი დოლარზე იყიდება, მომწოდებელსაც დოლარში აქვს ნაყიდი და ის ლარი, რომელსაც გადაუხდი, უნდა გადაახურდაოს და დოლარში შემოიტანოს ახლიდან პროდუქცია, ამიტომ, ისიც უკვე ფრთხილობს, როდესაც ასეთ გაუფასურებას აქვს ადგილი, შესაბამისად, ან არ ყიდის ან უკვე ძვირად ყიდის იმ პროდუქციას, რაც აქვს. ეს ერთი დღე იყო მოდელირებული მაგალითი, რამდენად იქნება პრობლემა, თუ ეს პროცესი გაგრძელდა. ერთი დღეს რამენაირად გადაიტანს ბიზნესი, მაგრამ ეს არის ინდიკატორი. თუ რაღაც მსგავს კანონს შეუძლია, რომ ასეთი ტიპის რყევები გამოიწვიოს და არსებობს იმის შანს, რომ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ გაგრძელდეს, ყველა უნდა დავფიქრდეთ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ კანონს რამე სიკეთის მოტანა შეუძლია (არ ვიცი ვინ რა სიკეთეს ხედავს ამაში, მაგრამ მაინც...), ეს სიკეთე უნდა აღემატებოდეს იმ ზიანს, რომელიც შეიძლება მოიტანოს. თუ პირიქით, სიკეთე არის 1% და ზიანი 500%, ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი იმისა, რომ ეს ასეთი „სიკეთეები“ ამხელა ზიანის სანაცვლოდ არ არის გამართლებული და არ გვჭირდება“,- ამბობს მალხაზ კუნელაური.

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით, 14 მაისს მიიღო. პროექტი გასულ წელსაც განიხილებოდა, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავრობამ საზოგადოების პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. ხელმეორედ დაინიცირებული კანონპროექტს ისევ ხმაური, დაპირისპირება, საზოგადოების პროტესტი და ევროპარლამენტარების კრიტიკა მოჰყვა. ევროპელი დიპლომატები აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონი ევროპულ ღირებულებებთან არათავსებადია და ქვეყანამ ევროინტეგრაციის გზას გადაუხვია.

ნინი ქეთელაური