„ქართველი პოლიტიკოსებისთვის სანქციების პაკეტი მზადაა - დოკუმენტი კონგრესს სავარაუდოდ დღეს წარედგინება“

ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით იყვნენ დაინტერესებულნი, შესაძლოა, აქტივების გაყინვა და ქვეყნის გარეთ გადაადგილების უფლება აეკრძალოთ. ამის შესახებ Politico წერს. მათი ცნობით, შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის კონგრესს შესაძლოა, დღეს წარედგინოს, უკვე მზადაა.

გამოცემის ცნობით, კანონპროექტში ნათქვამია, რომ ოფიციალურმა თბილისმა ღიად ჰკრა ხელი აშშ-სა და სხვა დასავლურ ორგანიზაციებს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი სულ უფრო იმტკიცებენ ურთიერთობებს რუსეთთან და ჩინეთთან.

არსებული ინფორმაციით, სანქციები მზადდება ხელისუფლების წარმომადგენელთა და სხვა პირების მისამართით, რომლებსაც ქვეყნის დემოკრატიისთვის ზიანი მოაქვთ. სანქციები მოიცავს პოლიტიკოსებისა და მათი ოჯახებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრების აკრძალვას. ასევე აშშ-ის აკრძალვები შეეხებათ ქართველი სამართალდამცავებისა და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც კანონის საწინააღმდეგო აქციებს ახშობდნენ.

Politico წერს, რომ ხელისუფლებამ მშვიდობიანი პროტესტი ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით რამდენჯერმე დაარბია. ასევე მოსახლეობის ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდა.

გასულ კვირას საქართველოში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო'ბრაიენი ვიზიტის ფარგლებში, პოლიტიკოსმა გააფრთხილა ხელისუფლება, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონს მიიღებდნენ, აშშ-დან გარკვეული შეზღუდვები წამოვიდოდა.

ეკა დარჩიაშვილი