BAG - ლარის კურსი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი ბარომეტრია

ლარის გაცვლითი კურსი არის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბარომეტრი და კურსის ვარდნა ყოველთვის ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნეს სუბიექტებსა და შესაბამისად ეკონომიკაზე,- ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანება საქართველოში, გვსურს გამოვეხმაუროთ გასულ კვირაში ლარის კურსის რყევის პროცესს.

როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, ლარის გაცვლითი კურსი არის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბარომეტრი და კურსის ვარდნა ყოველთვის ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნეს სუბიექტებსა და შესაბამისად ეკონომიკაზე.

ამასთან, ჩვენი დაკვირვებებიდან და ანალიზიდან გამომდინარე, ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის გარკვეული ვარდნა კონიუნქტურული რყევებით იყო განპირობებული. ფაქტია, რომ საქართველო ინარჩუნებს ძლიერ ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს და შესაბამისად ჯანსაღია მაკროეკონომიკური პარამეტრები.

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობის განმსაზღვრელი საშუალო თუ გრძელვადიან პერიოდში ვერ იქნება სავალუტო ინტერვენციები, მაგრამ დგება პერიოდები, როდესაც აუცილებელი და კრიტიკულია ცენტრალური ბანკის აქტიური ჩარევა შიდა სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ინტერვენციების წარმოება.

მივესალმებით, გასული კვირის ბოლოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს და მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, მომდევნო დღეებშიც, შესაბამისი საჭიროების დადგომის შემთხვევაში, აუცილებლად გამოიყენოს მის ხელთ არსებული უკლებლივ ყველა ბერკეტი, რითაც შესაძლებელი გახდება ლარის სტაბილური კურსის შენარჩუნება.

ლარის სტაბილური კურსის შენარჩუნება კი, როგორც ზემოთაც აღინიშნა, უაღრესად მნიშვნელოვანია და პირდაპირპროპორციულ კავშირშია ბიზნესის ფინანსურ სიჯანსაღესა და მდგრადობასთან. ამავდროულად ლარის სტაბილური კურსი, სხვა ფაქტორებთან ერთად, განჭვრეტადს ხდის ბიზნეს გარემოს და გრძელვადიანად აყალიბებს პოზიტიურ განწყობებსა და მოლოდინებს, რაც, თავის მხრივ, ბიზნესის წარმოების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.