ფინეთში რუსებს უძრავი ქონების შეძენა აეკრძალათ

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფმა დაასრულა მუშაობა კანონპროექტზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენას უკრძალავს. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ჯგუფის გადაწყვეტილებით, უძრავი ქონების შეძენის ნებართვა აღარ გაიცემა იმ ქვეყნის მოქალაქეზე, რომელმაც, ევროკავშირის შეფასებით, სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა დაარღვია, ასევე, ფინეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის შესაძლო მუქარის შემცველია.

უწყება განმარტავს, რომ ეს აკრძალვა შეეხება როგორც ფიზიკურ, ასევე, იურიდიულ პირებს. ახალი წესი გავლენას არ მოახდენს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ფინეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყანაში ბინადრობის მუდმივმოქმედ ნებართვას ფლობენ. აკრძალვა არც ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს შეეხება.

ცნობისთვის: რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენის აკრძალვის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა ფინეთის თავდაცვის სამინისტროს სამუშაო ჯგუფმა იანვარში დაიწყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ