Wizz Air-მა თავის აბონემენტს ახალი ქვეყნები დაამატა

უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა სამგზავრო ბარათის, Wizz Multipass-ის მოქმედების არეალი გააფართოვა. ინფორმაციას დარგის პორტალი, Avianews ავრცელებს.

კერძოდ, ბარათი დამატებით ხუთ ქვეყანას, იტალიას, პოლონეთს, ალბანეთს, დიდ ბრიტანეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს დაფარავს.

Avianews-ის ცნობით, აღნიშნული საშვი თვეში ერთხელ და ერთი წლის განმავლობაში შერჩეული ქვეყნიდან ნებისმიერ საერთაშორისო მარშრუტზე ფიქსირებულ ფასად მგზავრობის საშუალებას იძლევა. ამასთან, ამ ბილეთის დაჯავშნა გამგზავრებამდე სულ რაღაც 5 დღით ადრე არის შესაძლებელი. სამგზავრო ბარათის შესაძენად მგზავრმა უნდა შეარჩიოს ქვეყანა, ცალმხრივი ან ორმხრივი ფრენა და მიუთითოს, სჭირდება თუ არა დამატებითი ხელბარგი და ბარგი, რაზეც Wizz Multipass-ის საბოლოო ფასი არის დამოკიდებული.

კერძოდ, სამგზავრო ბარათი მცირე ხელბარგით, რომელიც წლის განმავლობაში თვეში ერთხელ ცალმხრივ ფრენას მოიცავს, ღირს:

  • ალბანეთში - თვეში 34,99 ევრო
  • იტალიაში, პოლონეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში - 59,99 ევრო
  • დიდი ბრიტანეთში 64,99 ევრო

Avianews-ის განმარტებით, Wizz Air-ის რეისებზე წლიური ბარათის გამოწერის შემთხვევაში მგზავრი თანხას ყოველთვიურად იხდის და თვეში ერთხელ ფრენა ფიქსირებულ ფასად შეუძლია. თუ ამას არ გააკეთებს, ბარათი უქმდება და მომდევნო თვეში არ გადადის.

უკვე გაცემულ სამგზავრო ბარათში ავიაკომპანიას ცვლილებები არ შეაქვს. ფრენა მხოლოდ ბარათის მფლობელს შეუძლია და სხვა პირისთვის მისი გადაცემა არ შეიძლება.

ცნობისთვის: Wizz Air-მა 6 მაისს ახალი ტარიფი, Wizz Smart შემოიღო, რომელიც მგზავრს საშუალებას აძლევს, თვითმფრინავში მცირე ზომის ხელბარგის გარდა, 55x40x23 სმ-მდე ზომისა და 10 კგ-მდე წონის მოძრავი ჩემოდანი ან სხვა ჩანთა შეიტანოს. ტარიფი, ასევე, პრიორიტეტულ ჩასხდომას, სტანდარტული ადგილის უფასოდ არჩევასა და ფრენამდე 30 დღით ადრე რეგისტრაციის შესაძლებლობას მოიცავს.

დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს მონაცემებით, 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის სექტემბრამდე Wizz Air-მა დროულად რეისების მხოლოდ 63% შეასრულა, ხოლო რეისების 2%-ს სამ საათზე მეტხანს აყოვნებდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ